გახარია: არჩევნების თარიღი არ შეიცვლება

საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.
Sputnik

თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. არჩევნების თარიღის შეცვლა ან რაიმე სახით საარჩევნო პროცესში ცვლილებები დღის წესრიგში არ დგას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული.

„არჩევნების თარიღის შეცვლა ან რაიმე სახით საარჩევნო პროცესში ცვლილებები დღის წესრიგში არ დგას, კატეგორიულად არ დგას, ისევე, როგორც არანაირი შეზღუდვა, რომელსაც პირდაპირი ეკონომიკური ზეგავლენა ექნება“, – აღნიშნა გახარიამ.

პრემიერმა მანამდეც განაცხადა, რომ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები და ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა არ აისახება წინასაარჩევნო გარემოზე და არჩევნები დათქმულ ვადაში გაიმართება.

გადარჩებიან მხოლოდ ძლიერები - საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება

საქართველოში ბოლო დღეებში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. დღეს 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ასეთი მაღალი მაჩვენებელი აქამდე არ ყოფილა.

ქვეყანაში მკვეთრად გაზრდილი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ფონზე მთავრობამ სხვადასხვა რეგულაციები დააწესა. თუმცა, ეს შეზღუდვები არ შეეხო წინასაარჩევნო აგიტაციასა და არჩევნებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. აღნიშნული გადაწყვეტილება 9 სექტემბერს გამართულ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1917-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1354 ადამიანი. გარდაცვლილია 19 პაციენტი.