თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. პარტიის „კანონი და სამართლიანობა“ ლიდერს თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა.
ჩარკვიანი აღნიშნავს, რომ გართულება არ აქვს და თავს ნორმალურად გრძნობს.
„ძვირფასო მეგობრებო დამიდასტურდა კოვიდი!!! თავს უკეთ ვგრძნობ! თუ ღმერთმა ინება, გავუძლებთ!“ – წერს ჩარკვიანი.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ქართველ პოლიტიკოსს ინფექცია დაუდასტურდა. ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ COVID-19 აქვს პარლამენტის დეპუტატს ლევან გოგიჩაიშვილს, ასევე მის მეუღლეს ვიკა ბუკიას. ისინი თბილისში, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობენ.
საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. დღეს 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ასეთი მაღალი მაჩვენებელი აქამდე არ ყოფილა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1917-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1354 ადამიანი. გარდაცვლილია 19 პაციენტი.