თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. ამ დროისათვის შემოწმებული 1500 სკოლიდან ნებართვა მხოლოდ 614 სკოლამ მიიღო, განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ ბრიფინგზე.
„სკოლების შემოწმება გრძელდება. დღეისათვის 1500-მდე სკოლაა შემოწმებული და მუშაობის განახლების ნებართვა მხოლოდ 614-მა მიიღო. 81-მა სკოლამ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა“, – განაცხადა ფერაძემ.
მისი თქმით, შრომის ინსპექციის გარდა, სკოლების მასობრივი შემოწმების პროცესში ჩართული არიან შემოსავლების სამსახური, სურსათის ეროვნული სააგენტო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. სკოლებს დაახლოებით 400 ინსპექტორი ამოწმებს, რაც შესაძლებელს გახდის, რომ 15 სექტემბრამდე მაქსიმალურად მოვიცვათ ეს სექტორი, აღნიშნა ფერაძემ.
იმის შესახებ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების გამო სასწავლო პროცესი არ გადაიდება, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლებისთვის პანდემიის პირობებში მუშაობის სპეციალური რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელთა დაცვაც ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1830-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 1334 ადამიანი. გარდაცვლილია 19 პაციენტი.
ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.