საქართველოს ბანკებში საპენსიო აქტივები გაიზარდა

დაგროვებული პენსიები სახელმწიფომ ქვეყნის რვა კომერციულ ბანკში სხვადასხვა სადეპოზიტო ანგარიშებზე განათავსა.
Sputnik

თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში საპენსიო აქტივები ამ დროისთვის 951 მილიონ ლარს შეადგენს, ნათქვამია საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, ამ თანხიდან 698 მილიონი ლარი განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებში, 222 მილიონი ლარი – მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე, ხოლო 31 მილიონი ლარი – ვადიან დეპოზიტებზე.

როგორ მიმდინარეობს საპენსიო რეფორმა საქართველოში

საპენსიო აქტივები 8 ქართულ კომერციულ ბანკშია განთავსებული.

სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და თვის მანძილზე საშუალოდ 9 ათასზე მეტია. სქემაში ჩართულთა საერთო რაოდენობა ამ დროისათვის 1 მილიონს აჭარბებს.

საპენსიო აქტივებზე საპროცენტო დარიცხვებმა უკვე 79,5 მილიონი ლარი შეადგინა.

სააგენტოს მონაცემებით, საპენსიო აქტივები განთავსებულია ეფექტურ წლიურ 11,1%-ში, რაც 2,3-ჯერ აღემატება ქვეყანაში მიმდინარე წლიური ინფლაციის მაჩვენებელს – აგვისტოს მდგომარეობით ის 4.8%-ს უდრის.

რამდენმა ადამიანმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით საქართველოში>>

გარდა ამისა, საპენსიო აქტივების წლიური აქტივობა 1.3-ჯერ აღემატება ლარის შემოსავლიანობის მაჩვენებელს.

დაგროვებითი პენსიის სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა. ახალი საპენსიო სისტემა სავალდებულო ხასიათს ატარებს.

საქართველოში საპენსიო აქტივები ეროვნულ ვალუტაშია ნომინირებული

შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს. 60 ათასის ზემოთ სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

დაგროვებული ფული პენსიონერებს პროცენტებით დაუბრუნდებათ – საშუალოდ წლიური 7%-ით.

დაბრუნებამდე სახელმწიფო ამ თანხების ინვესტირებას განახორციელებს სხვადასხვა პროექტებში ეროვნული ბანკის კონტროლის ქვეშ. პროცესს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური ახორციელებს.

მიმდინარე წლის მარტში საქართველოს საპენსიო სააგენტომ 560 მილიონი ლარის ოდენობის პირველი ინვესტიცია განახორციელა – სახსრები მაღალრეიტინგული ქართული კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში ჩაიდო.