დღეს „ქართული ოცნება“ პროპორციული სიის პირველ ოცეულს დაასახელებს

საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული.
Sputnik

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ პარტიული სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციას დღეს გამართავს. 

საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლები საკუთარ არჩევანს ინდივიდუალური კალმით გააკეთებენ

პარტიის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პრეზენტაციაზე მმართველი გუნდი მომავალ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც დაასახელებს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი კახიანის განცხადებით, საარჩევნო სიის პირველი ოცეული დაკომპლექტებულია როგორც ძველი, ისე ახალი სახეებით.

„ჯერჯერობით კონკრეტულ სახელებს არ დავასახელებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ამ შემადგენლობაში იქნებიან გამოცდილი პოლიტიკოსები, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები, „ქართული ოცნების“ ლიდერები. ასევე იქნებიან ახალი სახეები, ის პირები, რომლებსაც შესაძლოა, აქამდე პოლიტიკასთან არ ჰქონიათ შეხება, მაგრამ დღეს ისინი ჩვენი გუნდის წევრები გახდნენ და ერთად ვიბრძოლებთ ამ არჩევნებში", – განაცხადა კახიანმა.

როგორც ცნობილია, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ივლისში წარმოადგინა. მმართველ პარტიას მაჟორიტარობის კანდიდატები საქართველოს 30-ვე საარჩევნო ოლქში ჰყავს.

პრეზენტაცია მთაწმინდის პარკში, ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე 20:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი უკვე მოაწერა. ამჯერად საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით გაიმართება. პარლამენტის 150 დეპუტატს შერეული სისტემით აირჩევენ: 120-ს პარტიული სიებით, 30-ს კი ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში გამართული კენჭისყრის შედეგებით.