ქართული ფილმი „შინდისი“ ინდოეთში ფესტივალის პრიზიორი გახდა

ფილმი „შინდისი“, რომელმაც ქართველ კინემატოგრაფისტს გამარჯვება მოუტანა, საქართველოდან წარდგენილი იყო „ოსკარზე" ნომინაციაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი", მაგრამ პრემიის შორტ-ლისტში ვერ მოხვდა.
Sputnik

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა კინემატოგრაფისტმა ლევან კუხაშვილმა ინდოეთში XIX საერთაშორისო ფესტივალზე Imagine India დიმიტრი ცინცაძის ფილმისთვის „შინდისი“ მონტაჟის საუკეთესო რეჟისორის წოდება მიიღო.

წინანდალში კლასიკური მუსიკის ფესტივალი მაინც გაიმართება

ფესტივალი Imagine India მიზნად ისახავს ინდური ფილმების პოპულარიზაციას ინდური კულტურის უკეთ გაგების მიზნით; თანამშრომლობის გაღრმავებას ინდოეთის სუბკონტინენტს, აზიის დანარჩენ ნაწილსა და ესპანეთს, ასევე ევროპის კავშირს შორის.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ოპერატორის ნომინაციაში ფილმისთვის „შინდისი“ ასევე იყო წარდგენილი მინდია ესაძე, თუმცა გამარჯვება ერგო რუს ოპერატორ იგორ გრინიაკინს ფილმისთვის „ძმობა“.

ფილმი „შინდისი" მოგვითხრობს სოფლის ისტორიას, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომი გადაიტანა. ფილმი ეფუძნება რეალურ ისტორიას, მოგვითხრობს გლეხების თავდადებაზე და დაღუპული გმირების ხსოვნას ეძღვნება.

ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც „შინდისს“ გადაეცა გრან-პრი, ხოლო დიმიტრი ცინცაძეს – ჯილდო ნომინაციაში „საუკეთესო რეჟისორი“. ფილმი ასევე გახდა აზიური კინოს საერთაშორისო ფესტივალის პრიზიორი, რომელიც ლოს-ანჯელესში გაიმართა.

გარდა ამისა, „შინდისი“ იყო საქართველოდან წარდგენილი „ოსკარზე" ნომინაციაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი", მაგრამ პრემიის შორტ-ლისტში ვერ მოხვდა.