კახა კალაძე: „რვა წლის მანძილზე უკეთესობისკენ შეიცვალა ჩვენი ქვეყანა“

მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ პარტიული სიის პირველი ოცეულის პრეზენტაცია გამართა.
Sputnik

თბილისი, 10 სექტემბერი - Sputnik. „ქართული ოცნების“ უმთავრესი მიღწევა მოქალაქეებისთვის თავისუფლების და ღირსების შეგრძნების დაბრუნებაა, განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დღეს პარტიული სიის პირველი ოცეულის პრეზენტაცია  გამართა.

„ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის რვა  წლის თავზე, მსურს უპირველესყოვლისა აღვნიშნო ის უმთავრესი მიღწევა, რაც ჩვენმა გუნდმა განახორციელა. თავისუფლების და ღირსების შეგრძნების დაბრუნება თითოეული მოქალაქისთვის, თითოეულ ოჯახში, ჩვენ მთელი ქვეყნის საკეთილდღეოდ შევცვალეთ ყველაზე მთავარი, სისტემის, ხელისუფლების დამოკიდებულება ადამიანისადმი. 8 წლის მანძილზე უკეთესობისკენ შეიცვალა ჩვენი ქვეყანა. დღეს ჩვენ აღარ გვიწევს ადამიანის ელემენტარული უფლებისთვის, წამების და ჩაგვრის დასრულებისთვის ბრძოლა. კი არ ვიბრძვით, არამედ ვშრომობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა

კალაძის განცხადებით, ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ქვეყანა განვითარების შეუქცევად გზას დაადგა.

„არავინ იცის, რამდენი ხანი გასტანდა რეჟიმი, რომ არა ის გარდატეხა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელიც 2012 წელს მოხდა. ეს ყველაფერი ამ ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის გუნდის, „ქართული ოცნების“ და ჩვენი თითოეული მოქალაქის დამსახურებაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, ის დარწმუნებულია რომ, თითოეული მისი თანაგუნდელი აცნობიერებს იმ დიდ პოლიტიკურ მისიას, რასაც შეეჭიდნენ  და აცნობიერებენ იმ პასუხისმგებლობას, რაც ქვეყნის მოსახლეობამ მიანიჭა.

პრეზენტაცია, რომელსაც პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა, მთაწმინდის პარკში, ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე 20:00 საათზე დაიწყო.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა >>

ცოტა ხნის წინ მმართველმა პარტიამ სიის პირველი ნომერი და პრემიერობის კანდიდატი დაასახელა - ეს მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა.

საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი უკვე მოაწერა. ამჯერად საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით გაიმართება. პარლამენტის 150 დეპუტატს შერეული სისტემით აირჩევენ: 120-ს პარტიული სიებით, 30-ს კი ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში გამართული კენჭისყრის შედეგებით.