„საპატარძლო ტირის, სასიძო იგინება...“ – რა მოხდა „გარდენიაში“?

სოციალურ ქსელში ცნობილი მებაღე ემოციურ ისტორიას აქვეყნებს. ნახეთ რა მოხდა „გარდენიაში“, სადაც ქორწილისთვის ემზადებოდნენ.
Sputnik

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ცნობილი მებაღე, ბიოლოგი, დეკორატიული მცენარეების სანერგე „გარდენიას“ მფლობელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ჩაშლილ ქორწილთან დაკავშირებით წერს, რომელიც დღეს „გარდენიაში“ უნდა გამართულიყო.

მისი თქმით, ქორწილის ყველანაირი სამზადისი გაწეული იყო, როდესაც გაიგეს, რომ მთავრობამ მოულოდნელად მიიღო გადაწყვეტილება კულტურული ღონისძიებების გაუქმების შესახებ.

ზურა შევარდნაძე: „წავიშინე თავში ხელები და დავიწყე მოთქმა: ვოოი ბარბარაა...“
„საპატარძლო ტირის, სასიძო იგინება, ოიიიი როგორ უწმაწურად იგინება... სასიმამრო ჩაციებული ღვინის ბედს არკვევს, სადედამთილო ძნებად მოზიდული შეკვეთილი ყვავილის. საქმეა ახლა ეს?“, – წერს შევარდნაძე.

ცნობილი მებაღე ამბობს, რომ კარგი იქნებოდა ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით ორი დღით ადრე მაინც სცოდნოდათ – არც მექორწილე ოჯახი იზარალებდა და არც „გარდენიას“ მომსახურე პერსონალი, რომელიც უსამსახუროდ დარჩა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 57-ით გაიზარდა და 1830-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა ცხრა პაციენტი, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

დღეიდან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიზღუდება 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები. იგულისხმება ასეთი ღონისძიებების ჩატარება ღია ცის ქვეშ, იმიტომ რომ დახურულ სივრცეში ეს შეზღუდვები აქამდეც არსებობდა. რეგულაციების შეუსრულებლობაზე გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციები.