რას ურჩევს მშობლებსა და სასწავლო დაწესებულებებს ამირან გამყრელიძე

ზოგადი რეკომენდაციები ასეთია: ყოველდღიურად სველი წესით უნდა დამუშავდეს სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები, ხდებოდეს დისტანციის დაცვა სწავლების პროცესში.
Sputnik

თბილისი, 10 სეტემბერი – Sputnik. ბავშვი, რომელსაც ტემპერატურა ან სხვა რესპირატორული სინდრომი ექნება, მშობელმა სკოლაში არ უნდა გაუშვას, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

მასობრივი შემოწმებები გრძელდება: რამდენი სკოლაა მზად მოსწავლეების მისაღებად>>

კერძო სკოლების ნაწილმა სასწავლო პროცესი უკვე დაიწყო, საჯარო სკოლებში კი სასწავლო წელი 15 სექტემბრიდან იწყება. მიუხედავად ეპიდემიური ვითარების გაუარესებისა, საქართველოს მთავრობა არ გეგმავს სასწავლო პროცესის დაწყების გადადებას.

რომელი შეზღუდვები ამოქმედდა კვლავ საქართველოში: აკრძალვების სია

„განსაკუთრებით ახლა, როდესაც ერთ კვირაში მობილობა გაიზრდება ქვეყანაში სწავლის დაწყების კვალდაკვალ, მივმართავ მშობლებს: სკოლაში არავითარ შემთხვევაში არ გაუშვან ბავშვი, რომელსაც ტემპერატურის მატება ან რამე რესპირატორული სინდრომი ექნება, დარეკონ 112-ზე და ექიმის კონსულტაციით მართონ შემთხვევა. ასევე სკოლის ხელმძღვანელებს მივმართავ, იყოს მუდმივი თერმოსკრინინგი და მომატებული ტემპერატურით ბავშვი სკოლაში არ დაუშვან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, ამავე დროს ზოგადი რეკომენდაციები სკოლებისთვის ასეთია: უნდა მუშავდებოდეს და სველი წესით ყოველდღიურად ლაგდებოდეს სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები; უნდა ტარდებოდეს პერიოდული დეზინფექცია; ხდებოდეს დისტანციის დაცვა სწავლების პროცესში. სადაც შეიძლება, მოხდეს დისტანციური სწავლებით ჩანაცვლება, ჰიბრიდული მოდელის უფრო ფართოდ გამოყენება.

როგორ წარიმართება დისტანციური სწავლება სკოლებში – მინისტრმა ბრძანება გამოსცა

პანდემიის პირობებში სკოლის ადმინისტრაციას შეუძლია შერეული სწავლების საკუთარი მოდელი დანერგოს (ე.წ. ჰიბრიდული მოდელი, რაც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციურად), მაგრამ I-IV კლასის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების სასკოლო სივრცეში ჩატარება სავალდებულოა.

„აუცილებელია, რომ თავი დავიზღვიოთ დიდი მობილობის პროცესში, როდესაც ერთად 120-130 ათასი სტუდენტი უნივერსიტეტებში და სამჯერ მეტი მოსწავლე წავა სკოლებში, თავიდან ავიცილოთ ინფექციის შემდგომი გავრცელების ინტენსიფიკაცია ქვეყანაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, ამირან გამყრელიძის მთავარი რეკომენდაციაა, რომ როგორც ლექტორებმა, ასევე სტუდენტებმა პირბადე ატარონ.

გახარია პედაგოგებს მიმართავს: თავი შეიკავეთ სამსახურში გამოცხადებისგან, თუ...

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 2 მარტიდან შეწყვეტილი იყო.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლებისთვის პანდემიის პირობებში მუშაობის სპეციალური რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელთა დაცვაც ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.

დღეისათვის 1500-მდე სკოლაა შემოწმებული და მუშაობის განახლების ნებართვა მხოლოდ 614-მა მიიღო. 81-მა სკოლამ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.

ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1830-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 1334 ადამიანი. გარდაცვლილია 19 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.