ძველი კადრები ბრუნდებიან - აჭარის ექს-ლიდერი წინასაარჩევნო რბოლაში ერთვება

ლევან ვარშალომიძე კვლავ ცდის ბედს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ბათუმში მაჟორიტარ კანდიდატად იყრის კენჭს
Sputnik

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარემ და ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის თანამოაზრემ, ლევან ვარშალომიძემ ხუთშაბათს კარანტინი დაასრულა, რომლის გავლა მას კიევიდან ბათუმში ჩასვლისას მოუწია, იუწყება აჭარის ტელევიზია.

სააკაშვილი რუსეთთან კონფრონტაციაში შესვლას არ გეგმავს >>

ბათუმში სასტუმრო „ინტურისტ პალასთან“ მას მისი თანაპარტიელები დახვდნენ.

ჟურნალისტებთან საუბარში ვარშალომიძემ, რომელიც უკრაინიდან 30 აგვისტოს დაბრუნდა, აღნიშნა, რომ თავისი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთვება.

„მე ბათუმში დავბრუნდი გამარჯვებისთვის. ჩვენს ბათუმს და ზოგადად აჭარის რეგიონს უდიდესი პოტენციალი აქვს. სამწუხაროდ, მოქმედმა ხელისუფლებამ ყველაფერი დააპაუზა, დააკონსერვა და გააჩერა, ასე გაგრძელება არ შეიძლება. ბათუმი ეკუთვნის ყველას, ამიტომ დავივიწყოთ წყენა და დღეიდან, ხელს ვუწვდი ყველას თანამშრომლობისთვის და მეგობრობისთვის, რომ ერთად გავაგრძელოთ ბათუმის  და ჩვენი ქვეყნის მშენებლობა,“ - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.

ყველაფერი ახლებურად: სააკაშვილმა საქართველოსთვის გეგმა გამოაქვეყნა

ლევან ვარშალომიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ბათუმში მაჟორიტარ კანდიდატად იყრის კენჭს. ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს 2004 წლიდან 2012 წლამდე იკავებდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მსგავსად გადაინაცვლა უკრაინაში. 2020 წლის მარტში ვარშალომიძე უკრაინის ეროვნული საინვესტიციო საბჭოს მდივნად დანიშნეს.

„თუ ვინმეს ეგონა, რომ უკრაინაში მაღალი პოზიციის გამო საქართველოს ბედზე ხელს ჩავიქნევდი და ამ საბედისწერო მომენტში პირად კომფორტს ვამჯობინებდი, ძალიან შეცდა”, – განაცხადა ვარშალომიძემ.

ის გახდა პირველი „დევნილი“ პოლიტიკოსი და ექს-პრეზიდენტის თანამოაზრე, რომელმაც უკრაინიდან სამშობლოში დასაბრუნებელი გზა გაიკვალა. მის მერე საქართველოში შეიძლება გამოჩნდეს კიდევ ერთი კადრი წარსულიდან - ეკონომიკის ექს-მინისტრი ვერა ქობალია. სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ Facebook-ზე მასთან ერთად გადაღებული ფოტო განათავსა და დაწერა, რომ თავის მთავრობაში მას ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მინისტრად მიიჩნევდა. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ქობალია მალე დაბრუნდება საქართველოში, როგორც „სხვა წარმატებული ქართველები“.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა >>

გამოდის, რომ ექს-პრეზიდენტი ასრულებს თავის დაპირებას საქართველოში დაბრუნების შესახებ, მაგრამ, როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი ნაწილ-ნაწილ, თავისი თანამოაზრეების სახით ბრუნდება. მომავალი აჩვენებს, როდის გადმოკვეთს ის საზღვარს პირადად როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი თავისი პარტიიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.