თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა, პრაქტიკულად, დაწყებულია, მაგრამ ხელისუფლებას ეპიდემიური ვითარება კონტროლზე ჰყავს აყვანილი და ეს პროცესი მართვადია, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
მინისტრის თქმით, საქართველოს ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს ისეთ მკაცრ შეზღუდვებს, როგორიც ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე იყო დაწესებული. კორონავირუსი არ გაქრება, ამიტომ, თურნავას თქმით, მასთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ.
„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უფრო მეტად შემზღუდავი და მკაცრი ზომები არ გახდეს საჭირო, როგორც ეს ერთხელ უკვე გავიარეთ. ჩვენი ეკონომიკა მეორედ ასეთ დარტყმას ვერ გაუძლებს. შესაბამისად, წერტილოვანი ღონისძიებების და ასევე ჩვენი სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის წყალობით იმედი გვაქვს, შედარებით უმტკვივნეულოდ გავივლით ამ პროცესს“, – აღნიშნა თურნავამ.
ქვეყნის ეკონომიკამ კორონავირუსის პანდემიის დროს დიდი ზარალი განიცადა. ის თითქმის ყველა სფეროზე აისახა. განსაკუთრებით დაზარალდა სასტუმროების, რესტორნების ბიზნესი, ტურიზმის სექტორი, ვაჭრობის სფერო და სხვ.
ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად შეიცვალა უარესობისკენ. დღეს ქვეყანაში ინფიცირების 57, ხოლო წინა დღეებში 45 და 44 შემთხვევა გამოვლინდა. ამის გამო მთავრობამ გარკვეული შეზღუდვებისა და აკრძალვების დაწესება გადაწყვიტა.
თურნავა: საქართველოს მოქალაქეებმა შიდა ტურიზმს კარგი დახმარება გაუწიეს>>
ამჟამად საქართველოში მოქმედი აკრძალვებისა და შეზღუდვების კონკრეტული ჩამონათვალი იხილეთ აქ.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1830-ს მიღწია. სულ გამოჯანმრთელდა 1334 პაციენტი. გარდაცვლილია 19 ადამიანი.