შსს-ს დაცვის პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

უწყების ცნობით აღნიშნული პირი არ იმყოფებოდა კონტაქტში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან და მოქალაქეებთან შეხება არ ჰქონია.
Sputnik

თბილისი, 10 სექტემბერი - Sputnik. შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შენობას იცავს, კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

დაცვის პოლიციის თანამშრომლის ტესტის პასუხი 9 სექტემბერს გახდა ცნობილი.

უწყების ცნობით, აღნიშნული პირი არ იმყოფებოდა კონტაქტში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან და მოქალაქეებთან შეხება არ ჰქონია. ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას.

ქუთაისის ცენტრში განთავსებულ კარავში მოქალაქეებს კორონავირუსზე უფასო ტესტირება ჩაუტარდებათ

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შენობას დეზინფექცია ჩაუტარდა.

საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების დღე-ღამური რეკორდული მაჩვენებელი – 57 შემთხვევა გამოვლინდა. ეს ქვეყანაში ვირუსის დაფიქსირების დღიდან ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1830-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1334 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.