Calypso kvariati: წარმატებული საოჯახო ბიზნესის ამბავი

ილია მემიშიში ძირძველი ლაზია, რომელმაც კვარიათში, მამა-პაპისეულ კარ-მიდამოში საოცარი სასტუმრო, Calypso kvariati ააშენა. სახლის და ეზოს ყველა კუთხეში კი ულამაზეს ყვავილებს შეხვდებით, რომელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
Sputnik

ილიას ბაღში ნახავთ ბანანის ხეებს, თითქმის ყველანაირ ხეხილს, ციტრუსს. ბაღს ალამაზებს უამრავი გვიმრა, ხოლო შუაზე ყოფს კიბე, რომელიც 386 საფეხურისგან შედგება და სასტუმროს ზღვის ულამაზეს სანაპიროსთან აკავშირებს. რა გავლენა იქონია პანდემიამ ტურიზმზე, რა სირთულეებს წააწყდნენ ამ პერიოდის განმავლობაში სასტუმროს მეპატრონეები და როგორ აფასებენ გასულ ზაფხულს, ამის შესახებ ილია გვესაუბრა.

Calypso kvariati: წარმატებული საოჯახო ბიზნესის ამბავი

- როდის გადაწყვიტეთ მამა-პაპისეული სახლ-კარი ტურისტულ ობიექტად და შემოსავლის წყაროდ გექციათ?

- გადაწყვეტილება მე არ მიმიღია. პატარა ვიყავი, როდესაც კვარიათის სანაპიროთი დამსვენებლები დაინტერესდნენ და მოდიოდნენ ჩვენთან სახლში. ეზოში შემოდიოდნენ და გვეკითხებოდნენ, საწოლებს ხომ არ აქირავებთო. მერე ოთახებს კითხულობდნენ და ასე ნელ-ნელა მუდმივი დამსვენებლები შემოგვეჩვივნენ, რომლებთანაც დღემდე ძალიან ახლოს ვმეგობრობთ.

შემდეგ ძალიან აქტუალური გახდა ბუქინგი. ბუქინგზე აუცილებლად როგორც სასტუმრო ისე უნდა დავრეგისტრირებულიყავით. იყო გარკვეული კრიტერიუმები, რასაც უნდა მოვრგებოდით და ამით დაიწყო ყველაფერი.

სახლის ორი სართული ოჯახს გვიკავია. მეუღლესთან, ორ შვილთან და დედასთან ერთად ვცხოვრობ. მესამე სართულს  დამსვენებლებს ვუთმობთ ხოლმე. ჩვენი სახლის გვერდზე კი 2017 წელს ავაშენეთ სამსართულიანი სასტუმრო, რომლის აშენება არც ისე მარტივი გამოდგა, როგორც გვეგონა. ფაქტობრივად მოვანგრიეთ კლდე და იმ კლდეზე ავაშენეთ სასტუმრო, საიდანაც საოცარი ხედი იშლება.

Calypso kvariati: წარმატებული საოჯახო ბიზნესის ამბავი

- ალბათ საკმაოდ დიდი შრომა გასწიეთ. რა გზა გაიარეთ, სანამ აქამდე მოხვიდოდით, რა სირთულეებს აწყდებოდით?

- ნამდვილად ძალიან რთული და სიძნელეებით სავსე გზა გამოვიარეთ. ნელ-ნელა ვსწავლობთ, უმეტესად საკუთარ შეცდომებზე, დროის უქონლობის გამო ხანგძლივ ტრენინგებს ვერ ვესწრებით. ვცდილობთ ხანმოკლე ტრეინინგები მაინც გავიაროთ. ვეცნობით მასალებს, ვიზიარებთ სხვების გამოცდილებას. დამოკიდებულები ვართ პოლიტიკურ ვითარებაზე, ამინდზე, ახლა კიდევ კოვიდის სიტუაციაზე.

Calypso kvariati: წარმატებული საოჯახო ბიზნესის ამბავი

- რამდენი ნომერი გაქვთ სასტუმროში და რით არის თქვენი სასტუმრო გამორჩეული?

- ამჟამად გვაქვს 29 ნომერი. სასტუმრო ძალიან ბევრი ფაქტორითაა გამორჩეული სხვა სასტუმროებისგან: აშენებულია მთაზე, აქვს ზღვის ულამაზესი ხედი, არც ისე ძალიან მაღლა ვართ, რომ დამსვენებელს გაუჭირდეს ზღვაზე ჩასვლა, გვაქვს 5000 კვ.მ ციტრუსის ბაღი, სადაც საკუთარი კიბე ჩადის სანაპირომდე, რაც ზღვამდე მანძილს ძალიან ამოკლებს. ფაქტიურად ოთხ წუთში ზღვაზე ხართ.

სასტუმროს ტერიტორიაზე გვაქვს კაფე, სადაც გვყავს მზარეული, ქალბატონი ლიანა. უკვე ექვსი წელია უგემრიელეს კერძებს ამზადებს. სასტუმროს კაფე ძალიან გემრიელი სამზარეულოთი ნამდვილად იშვიათობაა. სანამ კაფეს გავხსნიდით, მანამდე ოჯახის დიასახლისი საუზმეს უმზადებდა დამსვენებლებს, მისი ხაჭაპურები ძალიან პოპულარულია, ახლაც ძველი დამსვენებლები სთხოვენ გაკეთებას. დღემდე არ ავიწყდებათ ამ ხაჭაპურის გემო. და ყველაზე მნიშვნელოვანი – გვაქვს ღია დარბაზი სავარჯიშოდ, რომელიც ძალიან უყვართ იოგას, პილატესის, ფიტნესის მიმდევრებს.

Calypso kvariati: წარმატებული საოჯახო ბიზნესის ამბავი

- ულამაზესი ეზო გაქვთ – ყვავილებით, მცენარეებით და ხეხილით მდიდარი. ვინ უვლის ამ ყველაფერს?

- ეზოს ყველანი ერთად ვუვლით. ოჯახში ყველას ძალიან გვიყვარს მცენარეები. ბაღის შესაკრეჭად და შესაწამლად ვქირაობთ დამხმარეს. ყვავილებს ჩვენით ვუვლით. სხვადახვა ჯიშის ძალიან ბევრი მცენარე გვაქვს, იმდენად კარგი, რომ ბევრ ბოტანიკურ ბაღს შეშურდებოდა. კვირა არ გავა, რაიმე ახალი არ შევიძინოთ. შემდეგ კი ხან ფისო ჭამს და ხან ძაღლი ჩვენს ნალოლიალებ მცენარეებს, ხან კიდევ მეზობლის ძროხები.

Calypso kvariati: წარმატებული საოჯახო ბიზნესის ამბავი

- პანდემიამ რა გავლენა იქონია თქვენს ბიზნესზე, როგორ შეაფასებდით წლევანდელ წელს?

- ძალიან ცუდი გავლენა იქონია პანდემიამ. წელს დაგეგმილი გვქონდა ორი ულამაზესი აუზის მშენებლობა, ერთი დიდებისთვის და ერთიც პატარებისთვის თავისი სასრიალოებით. ძალიან ლამაზი პროექტი გავაკეთეთ. როცა უნდა დაგვეწყო მშენებლობა, წინა დღეს გავიგეთ, რომ ქვეყანა იკეტებოდა და კარანტინი ცხადდებოდა. სასტუმრო სრულად დაჯავშნილი იყო აპრილიდან ოქტომბრამდე, ყველა ჯავშანი გაუქმდა, რა თქმა უნდა. უმეტესად უცხოელებს ჰქონდათ ჯავშნები გაკეთებული. მოგვიწია ფასების დაკლება და ჯავშნების თავიდან მიღება. როგორც ვიყავთ 100%-იან ჯავშნებს მიჩვეული, ასე აღარ იყო, მაგრამ მაინც კარგად ვიმუშავეთ, ძალიან ბევრი ახალი ადამიანი გავიცანით და დავიმეგობრეთ.

Calypso kvariati: წარმატებული საოჯახო ბიზნესის ამბავი

- ზოგადად ტურიზმის სფეროში რა პრობლემებს აწყდებით ხოლმე უმეტესად?

- სამწუხაროდ, ძალიან ბევრი პრობლემაა. პირველ რიგში – უხარისხო სერვისი და „გრანდიოზული“ ფასები, ფალსიფიცირებული პროდუქცია (პრინციპში, მთელ მსოფლიოში ასე ხდება). მოტყუებული ტურისტი, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო რჩება, ეს აუცილებლად აისახება ჩვენზეც.

თავიდან ტრანსფერით ვერ ვემსახურებოდით დამსვენებლებს და იყო შემთხვევები, ტაქსის მძღოლები ჩვენს დამსვენებლებს სხვაგან ეპატიჟებოდნენ, იმათ კიდევ გადახდილი არ ჰქონდათ თანხა და სიამოვნებით მიჰყვებოდნენ. შევიძინეთ მანქანები და ჩვენს დამსვენებლებს ჩვენ თვითონ ვემსახურებთ. ამ დისკომფორტმა, პირიქით, განგვავითარა, ზოგადად, კონკურენცია ხელს გვიწყობს განვითარებაში.

Calypso kvariati: წარმატებული საოჯახო ბიზნესის ამბავი

- უამრავ ტურისტთან, უცხოელთან გქონიათ ურთიერთობა. ყველაზე მეტად რა მოსწონთ კვარიათში და ზოგადად აჭარაში?

- ყველაფერი მოსწონთ ჩვენთან – ბუნება, ზღვა, ადამიანური ურთიერთობები, ჩვენი მასპინძლობა, კულტურა, ისტორია, სანახაობები, სამზარეულო, ფასები და ა.შ.

Calypso kvariati: წარმატებული საოჯახო ბიზნესის ამბავი

- გაქვთ საკუთარი წარმოების ღვინო. ცოტა უჩვეულოა ლაზი კაცი და მეღვინე. როდის და რატომ დაიწყეთ ღვინის წარმოება?

- ყოველთვის მაინტერესებდა და მომწონდა ღვინის კულტურა. უცხოელი დამსვენებლები ხშირად ადგილობრივ, სახლში გაკეთებულ ღვინოს გვთხოვდნენ. თავიდან სხვა მომწოდებლებისგან ვიღებდით, შემდეგ თავად ვცადეთ. თავიდან ცოტა რაოდენობით გავაკეთეთ, მოწონება დაიმსახურა და მას მერე ყოველ წელს დავდივართ კახეთში რთველზე, მოგვაქვს ყურძენი და საკუთარ ნაწარმს ვთავაზობთ ჩვენს დამსვენებელს. ისინიც კმაყოფილები არიან და ჩვენც დარწმუნებული, რომ ნამდვილი გაუზავებელი ღვინით გავუმასპინძლდით ჩვენს სტუმრებს. თაფლიც კი გვაქვს საკუთარი. ოჯახის წევრი ამზადებს, საკუთარი სკები აქვს, სეზონზე ჩვენთანაც მოჰყავს ფუტკრები.

Calypso kvariati: წარმატებული საოჯახო ბიზნესის ამბავი

- ყურძენს სად ყიდულობთ?

- კახეთში ვყიდულობთ, კაჭრეთში. მეგობართან ერთად ვარჩევთ კარგ ყურძენს.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- როგორც კი სიტუაცია გამოსწორდება და დასტაბილურდება, პირველ რიგში დაპროექტებულ აუზებს ავაშენებთ, შემდეგ იოგას დახურულ ეკო-დარბაზს. შემდეგ გაფართოებასაც ვგეგმავთ. სასტუმროს პროექტი ისეა გაკეთებული, რომ კიდევ არის შესაძლებელი ორი სართული დავაშენოთ. უცილებლად იქნება ბოლო სართულზე ღია პანორამული ხედით რესტორანი. შემდეგ არ ვიცით, ბევრი გეგმები გვაქვს, მაგრამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს.