„წყარო უცნობია“: პარლამენტის დეპუტატსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან სამი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია.
Sputnik

თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრ ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს, „TV პირველის“ ჟურნალისტ ვიკა ბუკიას კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ამის შესახებ ვიკა ბუკიამ თავის Facebook-გვერდზე დაწერა. ჟურნალისტის თქმით, მათი ინფიცირების წყარო უცნობია, მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა.

„მეგობრებო და ჩემო კოლეგებო, გიდასტურებთ. უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია, ამდენ ზარს და შეტყობინებას ვუპასუხო. თავს კარგად ვგრძნობთ, მხოლოდ ვდარდობ იმ ადამიანებზე, ვისთანაც ბოლო ორი-სამი დღის განმავლობაში გვქონდა მჭიდრო კონტაქტი. აუცილებლად უნდა მოხდეს ამ კონტაქტების კვლევა. როგორც კი საეჭვო სიმპტომები გამოგვივლინდა, დაუყოვნებლივ მივიღეთ ზომები. წყარო სრულიად უცნობია. არანაირ საეჭვო კლასტერთან არ გვქონია კავშირი“, – წერს ვიკა ბუკია.
მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 44 ახალ შემთხვევიდან სამის წყარო უცნობია

დღეს ეს ინფორმაცია „TV პირველის“ გადაცემების ავტორმა და წამყვანმა, პოპულარულმა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამაც გაავრცელა.

მისი განცხადებით, ამ ეტაპზე ტელევიზია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს ელოდება.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამჟამად ქვეყნის კოვიდ–ცენტრებში 421 პაციენტი მკურნალობს. მათგან სამის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო 17-ის – მძიმე.

კორონავირუსის ახალი შემთხვევები: ინფიცირებულთა შორის სამი მედპერსონალია>>

ამ დროისთვის სულ გამოვლენილია კორონავირუსის 1773 შემთხვევა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოჯანმრთელდა 1325 ადამიანი, გარდაიცვალა 19 პაციენტი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.