როგორ დავეხმაროთ ბავშვს უმტკივნეულოდ შეეგუოს საბავშვო ბაღს: რჩევები მშობლებს

ახალ გარემოსთან ადაპტაცია არც ისე მარტივია. სადაცაა საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყება. ალბათ ბევრი დედა ფიქრობს, როგორ შეეგუება მისი პატარა ახალ გარემოს, ადამაინებს, ხომ არ იტირებს, უარს ხომ არ იტყვის საკვებზე და ა.შ.
Sputnik

შევეცდებით რამდენიმე რჩევა გავუზიაროთ დედიკოებს, რათა მათმა პატარებმა ადვილად შეძლონ ახალ გარემოსთან ადაპტაცია.

რა დრო სჭირდება ადაპტაციას

ბაღთან შეგუების პროცესი ძირითადად 10 დღიდან ორ კვირამდე პერიოდი გრძელდება. თუმცა, ეს ყველა ბავშვისთვის ინდივიდუალურია. ამ დრო მშობელს მოთმინება და გონივრულად მოქმედება მართებს. შეგუების პროცესში მშობელი უნდა დააკვირდეს, რომ ბავშვი არ გახდეს ზედმეტად აღგზნებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ დაერღვეს ძილის რეჟიმი და ღამით არ ჰქონდეს შფოთვები. თუ ეს დაფიქსირდა, მაშინ საჭიროა მივმართოთ ბავშვთა ფსიქოლოგს, გავიგოთ, რა არის ამის მიზეზი.

რა არის ბად-ი და სასარგებლოა თუ არა ის ორგანიზმისთვის: დადებითი და უარყოფითი მხარეები

რატომ უჭირს ბავშვს საბავშვო ბაღთან შეგუება

ამ დროს ბავშვს ეშინია, რომ მშობელმა არ მიატოვოს. შიში ძალას კარგავს მაშინ, როდესაც ისინი რწმუნდებიან, რომ დედა მათ არ მიატოვებს, მიაკითხავს და წაიყვანს სახლში. ამიტომ პირველ დღეებში ნუ დატოვებთ ბაღში მთელი დღის მანძილზე, თანდათან გაზარდეთ დაყოვნების დრო. ბაღისთვის წინასწარ უნდა შევამზადოთ ბავშვი, ვესაუბროთ იმაზე, რომ ის ძალიან გვიყვარს, რომ ჩვენ აუცილებლად მივაკითხავთ მას და ეს საქმითაც უნდა დავამტკიცოთ.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომ ამ პროცესს უმტკივნეულოდ შეეგუოს

უმჯობესია ადაპტაცია სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყოთ. ხშირად ესაუბრეთ ბავშვს, რომ ის მალე საბავშო ბაღში წავა, სადაც მზრუნველი მასწავლებელი და ბევრი ახალი მეგობარი დახვდება, სადაც ახალი სათამაშოები, გართობა და მხიარულება ელოდება.

მიზეზები, რის გამოც უარი უნდა თქვათ მოწევაზე

სასურველია სასწავლო წლის დაწყებამდე ესტუმროთ საბავშვო ბაღს, გაასეირნოთ პატარა ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთად დაათვალიერეთ ეზო, ის ოთახი, სადაც მას ყოფნა მოუწევს. ყურადღება გაუმახვილეთ ბაღის ინტერიერზე, ნივთებზე, სათამაშოებზე და იქ მყოფ ადამიანებზე. შეეცადეთ პოზიტიურად და დადებითად დაუხასიათოთ აღნიშნული.

როცა ბაღში წავა, სახლიდან გაატანეთ მისი საყვარელი სათამაშო, ან სხვა ნივთი. ეს არის ნივთი, რომელიც მას სახლში აქვს და ასოცირდება მის მდგომარეობასთან, როცა ის არის სახლში.

ხშირად, როცა ბაღში მიყვანილ ბავშვს დედა დიდხანს ემშვიდობება, ბავშვი უფრო მეტად ტირის. ამიტომ დაემშვიდობეთ მოკლედ და გულთბილად, დაპირდით, რომ სულ მალე მიაკითხავთ.

რა უნდა ვიცოდეთ ცოფის შესახებ და რა ადგილებშია ცხოველის ნაკბენი განსაკუთრებით საშიში

რა შეცდომა არ უნდა დაუშვას მშობელმა

შესაძლოა თქვენც არანაკლებ განიცდიდეთ თქვენი პატარას ბაღში დატოვებას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ აგრძნობინოთ მას. არ უნდა შეგატყოთ, რომ დანაშაულის გრძნობა გაქვთ იმის გამო, რომ მას საბავშვო ბაღში ტოვებთ. თუ მშობელი განიცდის, ბავშვი აფიქსირებს ამას და უფრო მეტად ტირის, აცოდებს თავს მშობელს, რომ არ დატოვონ.

ზოგჯერ მშობლები დაპირებულ დროს არ მიდიან ბაღში ბავშვის წამოსაყვანად. როცა ბავშვი ხედავს, რომ მთელი დღე ბაღში ყოფნის შემდეგ სხვა ბავშვები მიდიან სახლში, მას კი ჯერ კიდევ არ მოაკითხეს, ეს უარყოფითად აისახება მის განწყობაზე.