საქართველოში ინვესტიციები უმნიშვნელოდ, მაგრამ გაიზარდა: ვინ ლიდერობს

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში 237,8 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.
Sputnik

თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. წინასწარი შეფასებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2020 წლის მეორე კვარტალში გაიზარდა 0,5%-ით (2019 წლის ამავე პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით) და 237,8 მილიონ დოლარს გაუტოლდა, ნათქვამია „საქსტატის“ განცხადებაში.

ქართული ეკონომიკა კვლავ მინუსებშია – სტატისტიკის ახალი მონაცემები >>

საქართველოში ინვესტირების მხრივ 2020 წლის მეორე კვარტალში ლიდერობენ დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები და თურქეთი. ამ ქვეყნების კაპიტალდაბანდებების წილი ჯამში 143,6 მლნ დოლარს შეადგენს, რაც ინვესტიციების მთელი მოცულობის 60,5%-ია. 

ინვესტიციები ასევე შემოვიდა აშშ-დან (19.9 მლნ დოლარი), სლოვაკეთიდან (16,2 მლნ დოლარი), მალტიდან (14,6 მლნ დოლარი), ლუქსემბურგიდან (9,9 მლნ დოლარი), ერაყიდან (9,9 მლნ დოლარი), შვეიცარიიდან (7,2 მლნ დოლარი), დანიიდან (6,2 მლნ დოლარი) და სხვა ქვეყნებიდან.

რომელ დარგებში აბანდებენ

2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული დარგებია საფინანსო სექტორი, ენერგეტიკა, მშენებლობა. ამ სფეროებში შემოსული თანხა 135,4 მლნ დოლარს შეადგენს – მთელი ინვესტიციების 57%-ს.

ინვესტიციები უფრო მეტი აღმოჩნდა: საქართველოში 2019 წლის მაჩვენებლები დააზუსტეს

ინვესტიციები ასევე ხორციელდება სხვა დარგებში: სამთო-მომპოვებელი მრეწველობა (27,6 მლნ დოლარი), გადამამუშავებელი მრეწველობა (20,8 მლნ დოლარი), კავშირგაბმულობა (10,8 მლნ დოლარი), უძრავი ქონება (8 მლნ დოლარი), სოფლის მეურნეობა და თევზჭერა (7,2 მლნ დოლარი), ტრანსპორტი (3,8 მლნ დოლარი), სასტუმროები და რესტორნები (2,4 მლნ დოლარი) და ა.შ.

ანტიკრიზისული პოლიტიკის ეფექტურობა

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ COVID-19-ის მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკა თანდათან აღორძინების გზას ადგას.

„საინტერესოა, რომ ეს ზრდა მოდის ისეთ დარგებზე, როგორიცაა მშენებლობა, ენერგეტიკა, სამთო-მოპოვებითი დარგი, გადამამუშავებელი დარგები, ისეთი დარგები, რომელსაც მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ ჩვენი მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების მეშვეობით. ეს კვლავ ადასტურებს ჩვენი ეკონომიკური და ანტიკრიზისული პოლიტიკის სისწორეს და ეფექტურობას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, დადებით დინამიკას ადგილი აქვს გლობალური პანდემიის ფონზე და ასევე იმ დროს, როდესაც საერთაშორისო ექსპერტები მსოფლიოში ინვესტიციების 40%-იან ვარდნას პროგნოზირებენ.