ლომისის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

ლომისის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში ყოველწლიურად ზეიმობენ „ლომისობას“ – ხალხურ დღესასწაულს, რომელსაც ფესვები წარმართულ ხანაში აქვს.
Sputnik

თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. IX–X საუკუნეებით დათარიღებული ლომისის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება, ნათქვამია მცხეთა–მთიანეთის მხარის ადმინისტრაციის განცხადებაში.

პროექტისთვის უკვე გამოყოფილია სახსრები და გამოცხადებულია ტენდერი. პროექტის თანახმად, მონასტერთან ახლოს ტერიტორიაზე მოეწყობა საპარკინგე სივრცეები, რეკრეაციული უბნები, სველი წერტილები და დამონტაჟდება გარე განათება.

ლომისობა: დღესასწაულის ისტორია, ლეგენდები, ტრადიციები

პროექტის განხორციელება ათობით ადამიანს დაასაქმებს, ხოლო მონასტრის ირგვლივ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ტურიზმის თვალსაზრისით ამ ადგილის პოპულარობას გაზრდის.

მონასტრის მშენებლობას არაერთი ლეგენდა უკავშირდება, რაც ტურისტებსა და მომლოცველებს იზიდავს.

ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ხარმა ლომამ, რომელსაც რქებზე წმინდა გიორგის ხატი ჰქონდა დაბრძანებული, ტყვეობიდან იხსნა შვიდი ათასი მთიული და ისინი სამშობლოში დააბრუნა. წმინდა გიორგის ხატი სწორედ ამ ადგილებში ხარის რქებიდან გადმოვარდნილა და მიწაზე ვერტიკალურად დამდგარა. ამ ადგილზე აიგო მონასტერი და მას „ლომისა“ ეწოდა.

მონასტრის ტერიტორიაზე ყოველწლიურად აღდგომიდან მეშვიდე კვირაში, ოთხშაბათობით იმართება დიდი დღესასწაული „ლომისობა“.