საქართველოს კოვიდ–კლინიკებში საწოლების რაოდენობა იზრდება

ინფიცირებული პაციენტებისთვის დამატებითი ადგილებით შეივსო როგორც თბილისის, ისე ბათუმის საავადმყოფოები.
Sputnik

თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მობილიზებას ახდენს და კორონავირუსით ინფიცირებული დიდი რაოდენობით პაციენტების მისაღებად ემზადება – კოვიდ-კლინიკებში 85 საწოლი დაამატეს, იუწყება „პირველი არხი“.

COVID-19 საქართველოში: ამდენი ჯერ არ ყოფილა – ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

კერძოდ, 40 ადგილი დაემატა თბილისის ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას, კიდევ 40 – ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ხოლო 5 – თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკას. შედეგად ამ დროისათვის სულ 672 საწოლია მობილიზებული.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – საავადმყოფოებს 45 ახალი პაციენტი შეემატა. სულ კორონავირუსის დადასტურებელი შემთხვევების რაოდენობა, ბოლო მონაცემებით, არის 1729.

გამოჯანმრთელდა 1321 ადამიანი, მათ შორის ბოლო 24 საათში – 6, გარდაიცვალა 19 პაციენტი.