რა საერთო აქვთ კალაძეს, კობიაშვილსა და სტალინს, ანუ ჩრდილოეთ მაკედონია საქართველოს შესახებ

„მოვედით, რომ არ წავაგოთ“ – ასეთი განწყობით ჩამოვიდა დღეს თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები, რომელიც სულ მალე შეხვდება საქართველოს ნაკრებს.
Sputnik

თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. მაკედონიურმა გამოცემა Sportmedia-მ გამოაქვეყნა სტატია საქართველოს, ფეხბურთისა და ქვეყნის ისტორიის შესახებ ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს ნაკრებებს შორის ერთა ლიგის მატჩის წინ, რომელიც დღეს, საღამოს თბილისის „დინამო არენაზე“ გაიმართება.

პუბლიკაციის ავტორი სტატიის დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები პირველად არის თბილისში, სადაც „საკმაოდ უხერხული მეტოქე“ ეყოლება.

ჩრდილოეთ მაკედონიის მთავარი მწვრთნელი: იმედია, საქართველოს ფინალში შევხვდებით

ქართულ თანამედროვე ფეხბურთზე საუბრისას მაკედონიელები მაშინვე იხსენებენ თბილისის მერს, წარსულში კი იტალიური „მილანის“ ფეხბურთელს კახა კალაძეს.

„ფეხბურთი ნომერი პირველი სპორტია თბილისში – მდიდარი ისტორიის მქონე ქალაქში, რომლის მერიც კახა კალაძეა – ლეგენდარული ქართველი, რომელმაც „მილანში“ მრავალი წელი გაატარა, ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი. მან წესრიგში მოიყვანა დედაქალაქი, რომელიც ძველი და თანამედროვე არქიტექტურის ნაზავს წარმოადგენს“, – აღნიშნავს სტატიის ავტორი.

როგორც სტატიიდან ირკვევა, მაკედონიელები ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას თვალს ადევნებენ ერთა ლიგის კუთხით და აღნიშნავენ პროგრესს, რომელსაც ლევან კობიაშვილის სახელს უკავშირებენ.

„ფეხბურთის მთავარი არქიტექტორი ამჟამად ლევან კობიაშვილია. მასთან ერთად იწყება ახალი საფეხბურთო საქართველო, რომელიც დიდ თანხებს დებს ფეხბურთის აკადემიაში და ახალგაზრდულ გუნდებში. კარგი შედეგების ჩვენება საქართველომ სლოვაკი ვაისის მოსვლის შემდეგ დაიწყო. საქართველო და თბილისი რაღაცით მაკედონიას ჰგავს. ჩვენსავით ამჟამინდელი მასპინძლები მოუთმენლად ელოდებიან ერთა ლიგის ფინალურ მატჩებს“, – ნათქვამია სტატიაში.

ვლადიმირ ვაისი: მზად ვართ ხვალინდელი თამაშისთვის

ავტორი „დინამოს“ სტადიონის ისტორიასაც იხსენებს, როდესაც დედაქალაქის კლუბი 1964 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, და, რა თქმა უნდა, მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოს – იოსებ სტალინს.

„როგორც ცნობილია, სსრკ-ის ლიდერი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სტალინი იყო, რკინის კაცი საქართველოდან. ესაა ისტორია, სპორტი და მოკლე ანგარიში თბილისის შესახებ. ქალაქის, სადაც დღეს საქართველოს ნაკრებს ვეთამაშებით ერთა ლიგის მეორე მატჩში. ჩვენ მოვედით, რომ არ წავაგოთ!“ – აღნიშნულია სტატიაში.

მატჩი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის ფარგლებში დღეს, 8 სექტემბერს თბილისში, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.