„ისინი გონზე არიან“: როგორია შატილში დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

23 აგვისტოს შატილის გზაზე ავტოავარიის შედეგად მიკროავტობუსის 17 მგზავრი ადგილზე დაიღუპა, სამი კი გადარჩა
Sputnik

თბილისი, 8 სექტემბერი - Sputnik. შატილის გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია,  განაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ.

შატილის გზაზე ხევში გადავარდნილ მიკროავტობუსს სერიოზული პრობლემები ჰქონდა

23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან მიკროავტობუსი გადავარდა, რომელშიც 20 ადამიანი იმყოფებოდა. 17 ადგილზე დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა. მათი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკულად შეფასდა. ორ პაციენტს შინაგანი სისხლდენა დაეწყო, რის გამოც მათ სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდათ.

„ისინი გონზე არიან, ადეკვატურები, კონტაქტურები, მათი მდგომარეობა უკეთესია, გართულებები არ არის. მათ სიცოცხლეს საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება. მართვითი სუნთქვიდან ერთი საერთოდ მოხსნილია, ორი კი მართვითი სუნთქვის გამარტივებულ რეჟიმში იმყოფება, ალბათ, სრულად მალე მოიხსნებიან“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 25 აგვისტო ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო - სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც ადამიანის დაღუპვა გამოიწვია. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.