„COVID-19-ის შემთხვევების მატების გამო...“ - მთავრობამ საგანგებო სმს-შეტყობინება დაგზავნა

იყავით აჭარაში ბოლო 12 დღის განმავლობაში? სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართეთ ცხელების ცენტრებს.
Sputnik

თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა მოუწოდებს ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ბოლო 12 დღის განმავლობაში იმყოფებოდა აჭარაში, კორონავირუსით ინფიცირების ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს.

შესაბამისი სმს-შეტყობინება საქართველოს ყველა მოქმედ მობილურ ტელეფონზე დაიგზავნა.

აჭარა „წითელ ზონად“ გამოცხადდება? ვირუსის ახალი კერები რეგიონში >>

ეპიდემიოლოგებმა აჭარას COVID-19-ის გავრცელების თვალსაზრისით „წითელი ზონა“ უწოდეს - აქ ინფიცირების ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი გამოვლინდა.

„COVID-19-ის შემთხვევების მატების გამო მოქალაქეებმა, განსაკუთრებით მათ, ვინც ბოლო 12 დღის განმავლობაში იმყოფებოდით აჭარაში, ნებისმიერი სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართეთ ცხელების ცენტრებს ან დარეკეთ 112-ზე“, - ნათქვამია შეტყობინებაში.

ხელისუფლებამ ასევე მოუწოდა მოქალაქეებს ხალხმრავალ ადგილებში და დახურულ სივრცეებში გამოიყენონ პირბადეები, დაიცვან დისტანცია და დადგენილი რეგულაციები.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა ბოლო 24 საათში 45-ით გაიზარდა, აქედან 23 - აჭარაში. ქვეყნის მასშტაბით დღემდე კორონავირუსი 1729 ადამიანს დაუდასტურდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.