ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმე: გამომძიებელ ჩოლოიანს სამი წლით პატიმრობა შეეფარდა

ლუკა სირაძის საქმეზე ბრალი პოლიციის უფროს გამომძიებელს მარიანა ჩოლოიანს აქვს წარდგენილი – მას ბრალად ედება მოზარდისთვის ჩვენების მიცემის იძულება.
Sputnik

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 

ლუკა სირაძე 2019 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა – რამდენიმე დღით ადრე მეცხრე სართულიდან გადმოვარდნის დროს მიღებული ტრავმებისგან. ლუკა სირაძის საქმეზე ბრალი პოლიციის უფროს გამომძიებელს მარიანა ჩოლოიანს ჰქონდა წარდგენილი. ჩოლოიანს ბრალი წარედგინა სირაძისთვის ჩვენების მიცემის იძულების გამო ღამით მის ყოფილ სკოლაში შესვლასა და სხვადასხვა კაბინეტში წარწერების გაკეთებასთან დაკავშირებით. გამომძიებელს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა. 

15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე გამომძიებელ ჩოლოიანს ბრალი წარედგინა

ჩოლოიანს ბრალი ედება „მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულების" მუხლით, რაც 2-დან 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამომძიებელმა ჩოლოიანმა 2019 წლის 10 დეკემბერს ლუკა სირაძე დაკითხვაზე დედასთან ერთად დაიბარა, რაც უკავშირდებოდა მოზარდის ყოფილ სკოლაში ღამით შესვლას და კედლებზე წარწერის „ამ ცხოვრების დედაც!" გაკეთებას. დაკითხვაზე გამომძიებელმა არ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა კოდექსის პრინციპებით და მოზარდისგან დანაშაულის აღიარება მოითხოვა.

უარის მიღების შემდეგ ჩოლოიანმა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს.

მოზარდის გარდაცვალებამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ახალგაზრდების მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია.