ავტოსაგზაო შემთხვევა ახალქალაქში – არის მსხვერპლი

დაშავებულ ქალს და მის ორ შვილს თავის არეში შედარებით მსუბუქი დაზიანებები აქვთ, ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
Sputnik

თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ერთი პირი ადგილზე დაიღუპა, სამი მგზავრი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

ავარიები საქართველოში: დაღუპულ და დაშავებულებს შორის მოზარდები არიან

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სოფელ კუმურდოს გზაზე. დაშავებული სამი მგზავრი ახალქალაქის კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმების თქმით, დედას და მის ორ შვილს თავის არეში შედარებით მსუბუქი დაზიანებები აქვთ, ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„ჩვენთან ახლა შემოიყვანეს სამი დაშავებული – დედა და ორი შვილი. პირველადი მონაცემებით, მძიმე არც ერთი არაა, ტარდება კვლევები, დინამიკური მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან, სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა არ იგეგმება. ჭრილობები არ აქვთ, თავის არეში დაჟეჟილობები აქვთ. კონტაქტურები არიან“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა ალექსანდრე თოროიანმა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტოსაგზაო შემთხვევები საქართველოში: ექვსი თვის სტატისტიკა

შსს-ს სტატისტიკით, საქართველოში 2020 წლის პირველ ექვს თვეში ავარიებმა 203 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 10 ბავშვია. სულ ამ პერიოდში მოხდა 2 270 ავარია, რომელთაც მძიმე შედეგები მოჰყვა. ავარიების ნახევარი თბილისში მოხდა, დანარჩენი – რეგიონებში.

საქართველოში ავტოავარიების ყველაზე ხშირი მიზეზია შემხვედრ ზოლზე გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა. მეორე ადგილზე სიჩქარის გადაჭარბებაა, მესამეზე – დისტანციის დარღვევა მოძრაობისას.