ჩრდილოეთ მაკედონიის მთავარი მწვრთნელი: იმედია, საქართველოს ფინალში შევხვდებით

მაკედონიელთა მწვრთნელის თქმით, ის პატივს სცემს საქართველოს ნაკრებს, მაგრამ ხვალინდელი დღის შედეგებით თბილისიდან სამი ქულის წაღებას გეგმავს
Sputnik

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ იგორ ანგელოვსკის იმედი აქვს, რომ უეფას ერთა ლიგის გათამაშების ფინალში ერთმანეთს მისი გუნდი და საქართველო შეხვდებიან.

„საქართველოს ნაკრები შესანიშნავი გუნდია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში სწორედ ჩვენი ნაკრებები ითამაშებენ. მაგრამ ეს ერთი თვის შემდეგ შეიძლება მოხდეს, ახლა კი მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვართ კონცენტირებული", - განაცხადა მაკედონიელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე უეფას ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ.

რაც შეეხება უშუალოდ ხვალინდელ მატჩს, ანგელოვსკის თქმით, ის პატივს სცემს საქართველოს ნაკრებს, მაგრამ თბილისიდან სამი ქულის წაღებას აპირებს.

ჩრდილოეთ მაკედონიის მთავარი მწვრთნელი: იმედია, საქართველოს ფინალში შევხვდებით

„ახლა საქართველოს ნაკრები ძალიან კარგ ფეხბურთს აჩვენებს - ეს ძლიერი და შეთამაშებული გუნდია. ჩვენ ძალიან პატივს ვცემთ ჩვენს მეტოქეს, მაგრამ ხვალ გამარჯვებას ვგეგმავთ. ჩვენს ჯგუფში მკვეთრად გამოხატული ფავორიტი არ გვყავს, ამიტომ დადებითი შედეგის მისაღწევად ყველა თამაშში მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს“, - აღნიშნა ჩრდილოეთ მაკედონიის მთავარმა მწვრთნელმა.

უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის ფარგლებში მატჩი საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის თბილისში 8 სექტემბერს „დინამო არენაზე“ გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.