ვაისმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე რეკორდი დაამყარა

ვაისის ხელმძღვანელობით 41 თამაშიდან ნაკრებმა მოიგო 15 მატჩი, 12-ჯერ დაასრულა მატჩი ფრედ და 14 წაგება მიითვალა.
Sputnik

თბილისი, 6 სექტემბერი - Sputnik. სლოვაკმა სპეციალისტმა ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე გააუმჯობესა თემურ ქეცბაიას რეკორდი მატჩების რაოდენობის მიხედვით.

უეფას ერთა ლიგის შეხვედრა ესტონეთის წინააღმდეგ, რომელიც საქართველომ ანგარიშით 1:0 მოიგო, ვაისისთვის რიგით 41-ე გახდა, მაშინ როდესაც ქეცბაია ეროვნულ ნაკრებთან 40 თამაშის განმავლობაში მუშაობდა.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა უეფას ერთა ლიგაში ესტონეთი დაამარცხა

ვაისის ხელმძღვანელობით, რომელიც საქართველოს ნაკრებს სათავეში 2016 წლის მარტში ჩაუდგა, ჩვენმა გუნდმა მოიგო 15 მატჩი (აქედან 7 ამხანაგური), 12-ჯერ დაასრულა თამაში ფრედ (4) და განიცადა 14 დამარცხება (5).

რაც შეეხება ქეცბაიას, რომელიც ქვეყნის მთავარ გუნდთან 2010 წლის მარტიდან 2014 წლის ნოემბრამდე მუშაობდა, მას შემდეგი მაჩვენებლები აქვს: 13 გამარჯვება (9), 9 ფრე (3) და 18 წაგება (6).

ტალინში ესტონეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ ვაისი კარგ განწყობას არ მალავდა.

„ბედნიერი ვარ, რადგან ჯგუფის პირველ შეხვედრაში სამი ქულა მოვიპოვეთ. მატჩის დაწყებამდე ცოტას ვნერვიულობდი, რადგან ჩვენს ზოგიერთ მოთამაშეს კლუბებში არასტაბილური სათამაშო პრაქტიკა ქონდათ. ესტონეთს კი კარგი და ფიზიკურად ძლიერი გუნდი ჰყავს. ასეთ დროს ეს ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სამი ქულა დამსახურებულად მოვიპოვეთ, რადგან უკეთესი გუნდი ვიყავით. 3-4 კარგი საგოლე მომენტი შევქმენით... საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ მთლიანად გუნდის თამაშით. პირველი მატჩი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის წინაღმდეგ საშინაო შეხვედრაშიც კარგად ვიასპარეზებთ“, - განაცხადა სლოვაკმა სპეციალისტმა ესტონეთთან მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

შეხვედრის ერთადერთი გოლი გავიდა 32-ე წუთზე, როდესაც ნიკა კაჭარავამ (კვიპროსი, „ანორთოსისი“) ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა იდეალური პასი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიასგან (ყაზანის „რუბინი“) მიიღო. აღსანიშნავია, რომ ფორვარდისთვის ეს გოლი სამი წლის განმავლობაში ნაკრების შემადგენლობაში ყოფნისას პირველი გახდა. ბოლოჯერ კაჭარავამ ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში გოლი გაიტანა 2017 წლის მარტში მსოფლიო-2018-ი შესარჩევ თამაშში სერბეთის წინააღმდეგ (1:3).

ესტონეთზე გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა სამი ქულა დააგროვა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად, რომელმაც ადრე სომხეთს ანგარიშით 2:1 მოუგო, С დივიზიონის მეორე ჯგუფის სათავეში მოექცა.

ვაისმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე რეკორდი დაამყარა

უეფას ერთა ლიგის მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 8 სექტემბერს თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს. ეს შეხვედრა „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.