საქართველოში აგვისტოს თვეში ხეტყის უკანონო ჭრის 200-ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა

კახეთის რეგიონი ლიდერია ხეტყის უკანონო მოპოვების კუთხით, რამდენიმე შემთხვევაში სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმეებიც კი აღძრეს
Sputnik

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აგვისტოში ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 207 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე.

მარტში საქართველოში ხეტყის უკანონო ჭრის 200-ზე მეტი შემთხვევა გამოავლინეს

დეპარტამენტის მონაცემებით, შვიდ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა.

ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 65 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონში. შემდეგ მოდის იმერეთი (44 ფაქტი), აჭარა - 20, სამცხე-ჯავახეთი - 18, ქვემო-ქართლი - 18, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 17, შიდა ქართლი - 15, გურია - 5, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი - 3. მცხეთა მთიანეთში კი 2 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

ივლისში დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონოდ მოპოვებული 487 კუბურ მეტრამდე ხეტყე ამოიღეს. გარდა ამისა, ამ პერიოდში სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 15 ფაქტი დაფიქსირდა. ასევე, ამოღებულია 8 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.

საქართველოში ხეტყის მოჭრა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურ ტერიტორიაზე და ისიც კონკრეტული ხეების, რომლებიც დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ არის მონიშნული. ხეტყის უკანონო მოჭრა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, თუ საუბარია იშვიათ ხეებზე ან ხეტყის ჭრაზე ნაკრძალში.

საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მილიონი ჰა ფართობს იკავებს, საიდანაც 2,7 მილიონი ჰექტარი დაფარულია ტყეებით, რომლებიც ქვეყნის საერთო ტერიტორიის 40%-ს შეადგენს.

განსაკუთრებით მდიდარი და მრავალფეროვანია ტყეები დასავლეთ საქართველოში. ზღვის დონიდან 1000-1200 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ტყეებში ბატონობს ფოთლოვანი ხეები - მუხა, რცხილა, წაბლი, ნეკერჩხალი, წიფელი და სხვა. ამ ხეების ჩრდილში იზრდება როდოდენდრონი, წყავი, ბზა, კოლხური ბაძგი, კავკასიური მოცვი და სხვ.