ორი და მეტი: როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ბავშვის გონებრივი მონაცემები

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა საინტერესო კვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ ასეთ ბავშვებს თავის ტვინში მეტი აქვთ რუხი ნითიერება, რომელიც პასუხისმგებელია მეტყველების უნარზე, მეხსიერებასა და სენსორულ აღქმაზე.
Sputnik

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებიც ორ ან მეტ ენაზე საუბარს სწავლობენ, ზრდასრული ასაკისთვის თავის ტვინში უფრო მეტი რუხი ნივთიერება აქვთ, ვიდრე ერთი ენის მცოდნე მათ თანატოლებს, ნათქვამია ესპანეთის, ბრიტანეთის, გერმანიისა და აშშ-ის მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარებულ ახალ კვლევაში.

ამბიდექსტრი ბავშვები - როგორ ამოვიცნოთ და როგორ აღვზარდოთ

როგორც ცნობილია, ტვინის რუხი ნივთიერება პასუხისმგებელია მეტყველების უნარზე, მეხსიერებასა და სენსორულ აღქმაზე. დროთა განმავლობაში რუხი ნივთიერების რაოდენობა მცირდება. უფრო მეტიც, ეს პროცესი უკვე ბავშვობაშივე მიმდინარეობს. თუმცა გარკვეული ტიპის ქმედებებისა და, განსაკუთრებით, გონებრივი დატვირთვისას ამ უჯრედების დაკარგვა ჩერდება.

კვლევისას მეცნიერებმა დაასკანერეს ბილინგვა (ორენოვანი) ბავშვების ტვინი, რომლებიც ინტენსიურად იყვნენ დაკავებული მეორე ენის შესწავლით და წარმატებასაც ავლენდნენ. ექსპერიმენტში, როგორც საკონტროლო ჯგუფი, ასევე მონაწილეობდნენ ერთ ენაზე მოსაუბრე ბავშვებიც.

გენეტიკის ბუნება: დასახელდა შტრიხები, რომლებსაც შვილები უფრო ხშირად მამებისგან იღებენ>>

მიღებული მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ სხვადასხვა ჯგუფის ბავშვების ტვინს სხვადასხვა სტრუქტურული მახასიათებლები აქვს. გარდა რუხი ნივთიერების მეტი რაოდენობისა, ბილინგვა ბავშვებში ასევე გამოვლინდა თეთრი ნივთიერების სტატისტიკურად მნიშვნელოვანი მატება. აღსანიშნავია, რომ თეთრი ნივთიერება ტვინის სხვადასხვა უბნების ურთიერთქმედებაზე აგებს პასუხს.

„ეს მნიშვნელოვანი კვლევაა... ახლა ჩვენ ვიცით, რომ ბავშვობაში ბილინგვიზმის განვითარებას შემდგომ ცხოვრებაში სარგებლის მოტანა შეუძლია, რაც უცხო ენების ცოდნასთან პირდაპირ კავშირში არ არის. რუხ და თეთრ ნივთიერებებზე მეორე ენის შესწავლის გავლენის წყალობით ჩვენ შეგვიძლია გავიუმჯობესოთ მეტყველება და გონებრივი შესაძლებლობები, განსაკუთრებით, ყურადღებასა და თვითკონტროლთან დაკავშირებით“, — ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, დოქტორი ქრისტოს პლიაციკასი.

მეცნიერების თქმით, მსგავსი შედეგები შეინიშნება იმ ზრდასრულებშიც, რომლებიც უცხო ენებს სწავლობენ. ასე რომ, თუ ბავშვობაში უცხო სიტყვების ზუთხვას დაჭერობანას თამაშს ამჯობინებდით, არც ახლა არის გვიანი, რომ ტვინი აამუშაოთ.