აჭარაში მომხდარი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა: დაღუპულთა შორის შსს-ს თანამშრომლები არიან

წინასწარი ინფორმაციით, სოფლის გზაზე მოძრავი ავტომანქანა მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა. მომხდარის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.
Sputnik

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. შუახევის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი, მათ შორის შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი თანამშრომელი ემსხვერპლა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილებთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით და სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილთა ოჯახებს. გარდაცვლილთა შორის ორი პირი შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელია“, – ნათქვამია განცხადებაში. 

ექვსი თვის საშიში სტატისტიკა: რამდენი ადამიანი დაიღუპა საქართველოში ავარიების შედეგად

წინასწარი ინფორმაციით, სოფლის გზაზე მოძრავი ავტომანქანა, სავარაუდოდ, მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლიდან. მომხდარის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა დაშავებულები უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

2020 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 2 270 ავარია მოხდა. დაიღუპა 203 ადამიანი, მათ შორის 9 ბავშვი. აღნიშნულ პერიოდში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავდა 2 982 ადამიანი, მათ შორის 245 ბავშვი. 

აჭარაში მომხდარი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა: დაღუპულთა შორის შსს-ს თანამშრომლები არიან