თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ოფიციალური შეხვედრის ერთ-ერთ მონაწილეს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, იგი თურქეთის მოქალაქეა. თავდაცვის უწყების მიერ ორგანიზებული ღონისძიება რამდენიმე დღის წინ ფოთის პორტში გაიმართა. მასში მონაწილეობდა 13 სამხედრო პირი, რომლებიც საქართველოში, აშშ-სა და თურქეთში ნატოს ძალებს წარმოადგენენ, და პორტის ორი წარმომადგენელი.
ამ დროისთვის ინფიცირებული მკურნალობის კურსს ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადის.
როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, შეხვედრაში მონაწილე პორტის თანამშრომლებს ტესტირება უკვე ჩაუტარდათ, პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ორივე თვითიზოლაციაშია.
პორტის ადმინისტრაციის განმარტებით, შეხვედრა უსაფრთხოების წესების სრული დაცვით გაიმართა და მთელ ტერიტორიას დეზინფექცია ჰქონდა ჩატარებული.