საქართველო ნავალნისთან დაკავშირებულ სიტუაციაზე ევროკავშირის განცხადებას შეუერთდა

ევროკავშირმა ნავალნის ტესტებში „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების აღმოჩენის გამო შეშფოთება გამოხატა
Sputnik

თბილისი, 3 სექტემბერი - Sputnik. საქართველო შეუერთდა ევროკავშირის განცხადებას ალექსანდრ ნავალნის მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით, აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საგარეოპოლიტიკურ უწყებაში აღნიშნეს, რომ ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის დელეგაციის ინიციატივით ხუთშაბათს ალექსანდრ ნავალნის მოწამვლის ფაქტზე იმსჯელეს. სხდომაზე აღნიშნულ საკითხზე გაკეთდა ევროკავშირის განცხადება, რომელსაც საქართველო შეუერთდა.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემთა ბაზაზე კიბერშეტევა განხორციელდა

„ევროკავშირის განცხადებაში გამოხატულია შეშფოთება ნავალნის ტესტებში „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების აღმოჩენასთან დაკავშირებით და ხაზგასმულია ნავალნის მოწამვლის საქმეზე რუსეთის ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიების დაწყების აუცილებლობა“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

გერმანიის მინისტრთა კაბინეტმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ბუნდესვერის ლაბორატორიის სპეციალისტებმა დაადგინეს ნავალნის „მოწამვლა“ მომწამლავ საბრძოლო ნივთიერებათა ჯგუფ „ნოვიჩოკის“ სუბსტანციით. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განუცხადა РИА Новости-ს, რომ ბერლინს არ გადაუცია მოსკოვისთვის თავისი დასკვნები ნავალნის „ნოვიჩოკით“ „მოწამვლის“ შესახებ, შესაბამისად, რუსეთს ეს მონაცემები არ აქვს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის მინისტრთა კაბინეტის განცხადებაზე საპასუხოდ აღნიშნეს, რომ რუსული მხარე ნავალნისთან დაკავშირებულ სიტუაციაზე რუსეთის გენერალური პროკურატურის  მიერ გაგზავნილ შეკითხვაზე პასუხს გერმანიისგან ელოდება.