თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. თბილისში XXII წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი ყველა რეგულაციის დაცვით ფიზიკური სახით Expo Georgia-ში 22-27 სექტემბერს ჩატარდება, იუწყებიან ორგანიზატორები.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ფესტივალის მიმდინარეობის პერიოდი გახანგრძლივდა და საგამოფენო სივრცე ტრადიციული 4 დღის ნაცვლად 6 დღის განმავლობაში უმასპინძლებს დამთვალიერებლებს. ეს ფესტივალზე მაქსიმალურად ბევრი მკითხველის მისაღებად კეთდება, რადგან Expo Georgia-ს მე-11 პავილიონში ერთდროულად დასაშვები ადამიანების რაოდენობა შეზღუდული იქნება, ხოლო ფესტივალს რაც შეიძლება მეტი სტუმრის მიღება სურს.
Expo Georgia-ს მე-11 პავილიონში სტუმრობის მსურველთათვის წინასწარი რეგისტრაციის სისტემა შეიქმნება.
ფესტივალზე მომხმარებლები წიგნების შეძენას შეძლებენ როგორც პირდაპირ გამომცემლობაში პავილიონში, ასევე ონლაინ რეჟიმში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ვებგვერდზე www.gpba.ge.
ამჟამად ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად 40-ზე მეტი გამომცემლობა დარეგისტრირდა. თითოეული მონაწილე მკითხველებს ტრადიციულად სპეციალურ საფესტივალო ფასდაკლებას შესთავაზებს.
„თბილისის წიგნის 22-ე საერთაშორისო ფესტივალის ლიტერატურულ-საგამომცემლო პროგრამისთვის მთავარი სცენა განთავსდება Expo Georgia-ს ეზოში, ღია ცის ქვეშ. სცენა ექვსი საფესტივალო დღის განმავლობაში სრულად დატვირთული იქნება და მასზე დასწრების შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება. ფესტივალის პროგრამა მოიცავს ახალი წიგნების პრეზენტაციებს და შეხვედრებს ქართველ მწერლებთან; უცხოელი ავტორების ვიდეოჩართვებს; საბავშვო პროგრამას; საგამომცემლო-პროფესიულ პროგრამას და ა.შ“, - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფესტივალის ორგანიზატორებმა უკვე მიიღეს ყველა აუცილებელი ინსტრუქცია ჯანდაცვის სამინისტროსგან.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და მწერალთა სახლი.