ბათუმში ავტობუსის მოსაცდელებს სპეციალური ხსნარით ამუშავებენ

გარდა ამისა, ეტაპობრივად განხორციელდება 850-მდე მრავალბინიანი სახლის სადარბაზოებისა და ლიფტების სპეციალური ხსნარებით დამუშავება.
Sputnik

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით ბათუმში მუნიციპალური ავტობუსების 150-მდე მოსაცდელის სპეციალური ხსნარებით დამუშავება დაიწყო, იუწყება ბათუმის მერიის პრეს-სამსახური.

პარალელურად ხორციელდება მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების დეზინფექცია. დილიდან სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდა ბულვარის სრული ტერიტორია, ველობილიკები და სკამები.

ბათუმიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს თვითიზოლაციისკენ მოუწოდებენ

ეტაპობრივად განხორციელდება 850-მდე მრავალბინიანი სახლის სადარბაზოებისა და ლიფტების სპეციალური ხსნარებით დამუშავება. ასევე დასუფთავების სამსახურის მიერ დეზინფექცია ჩაუტარდება სკვერებს, პარკებს, საბავშვო ატრაქციონებსა და სპორტულ მოედნებს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ე.წ. ყვითელი ავტობუსის მძღოლს, რომელიც ხელვაჩაური-ბათუმის მეშვიდე ხაზზე მუშაობს, კორონავირუსი დაუდგინდა. აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ მოქალაქეებს, ვინც აღნიშნული მარშრუტით ბოლო დღეებში სარგებლობდა, ტესტირების ჩატარებისკენ მოუწოდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მძღოლებს PCR–ტესტი ორ კვირაში ერთხელ უტარდებათ.

გუშინ საქართველოში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 38 შემთხვევა, აქედან 26 აჭარაში. ბოლოს შემთხვევების ასეთი მაღალი რაოდენობა 17 აპრილს დაფიქსირდა – 34 შემთხვევა.

ამ დროისთვის საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1568-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 1279, გარდაიცვალა 19 ადამიანი.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.