The Daily Beast: „დაგღალათ ამერიკამ? საქართველო მიგიღებთ"

ახალი პლატფორმით სარგებლობა შეუძლიათ თვითდასაქმებულებს, სრული განაკვეთით დასაქმებულებს, ასევე მეწარმეებს, რომელთაც საშუალება აქვთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მართონ საკუთარი ბიზნესი.
Sputnik

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. „დაგღალათ ამერიკამ? საქართველო მიგიღებთ" – ამერიკულ გამოცემა The Daily Beast-ში ამ სათაურით გამოქვეყნებულ მასალაში საუბარია საქართველოს მთავრობის პროგრამის შესახებ, რომელიც უცხოეთის მოქალაქეებს ერთი წლის განმავლობაში საქართველოდან დისტანციურად მუშაობის საშუალებას ვიზის გარეშე აძლევს.

„იმუშავე საქართველოდან“: უცხო ქვეყნის მოქალაქეების მოსაზიდად ახალი პროექტი დაიწყო

სტატიის ავტორი ყურადღებას ამახვილებს აშშ-ში არსებულ პრობლემებზე და აღნიშნავს, რომ თუ ამერიკაში COVID-19-სგან 183 ათას ადამიანზე მეტი გარდაიცვალა, საქართველოში ეს მაჩვენებელი 19-ია. გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-ში შექმნილი რთული პოლიტიკური სიტუაციის ფონზე საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლა ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება.

„ბოლოს და ბოლოს, თუ მაინც სახლიდან მუშაობთ, შეგიძლიათ ეს გააკეთოთ ქვეყნიდან, სადაც ევროპის ყველაზე მაღალი მწვერვალების ექვსეულიდან ერთ-ერთი მდებარეობს, სადაც არაჩვეულებრივი სამზარეულოა, საოცრად ლამაზი მრავალხმიანობის ტრადიცია და ქვევრის ღვინის საკმარისი რაოდენობა, რათა 2020 წელი საერთოდ დაგავიწყოთ", – ნათქვამია სტატიაში.

ამასთან, პუბლიკაციის ავტორი ამერიკელ გიდ პოლ რიმპლსაც გაესაუბრა, რომელიც 2002 წლიდან თბილისში ცხოვრობს.

„რა თქმა უნდა, თბილისი უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ევროპის სხვა ქალაქები, განსაკუთრებით, თუ დასავლური სტანდარტის ხელფასი გაქვთ. ერთი კილოგრამი პომიდორი 50 ცენტი ღირს, 1 ლიტრი კარგი სუფრის ღვინო კი დოლარი დაგიჯდებათ. რა თქმა უნდა, მინუსებიც არის, მაგრამ აშშ-სგან განსხვავებით, ის წინსვლის გზაზეა. თბილისიდან ვურეკავ ჩემს ოჯახს კალიფორნიაში და ვეკითხები „როგორ ხართ მანდ?" – ამბობს რიმპლი.

უცხოელებზე გათვლილი ახალი პროგრამის „იმუშავე საქართველოდან" შესახებ ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტრომ 16 ივლისს გაავრცელა, რომელიც მსოფლიო პრესაში აქტიურად შუქდება.

პროექტის „იმუშავე საქართველოდან" (Remotely from Georgia) ფარგლებში საქართველოს გამონაკლისის წესით 95-ზე მეტი სახელმწიფოს მოქალაქეები და რეზიდენტები ეწვევიან, მათ შორის აშშ-ის, ევროკავშირის, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრი ქვეყნების, რომლებსაც ქვეყანაში 180-ზე მეტი დღით დარჩენა შეუძლიათ.

ახალი პლატფორმით სარგებლობა შეუძლიათ თვითდასაქმებულებს, სრული განაკვეთით დასაქმებულებს, ასევე მეწარმეებს, რომელთაც საშუალება აქვთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მართონ საკუთარი ბიზნესი.

პროგრამით დაინტერესებული პირები უნდა დარეგისტრირდნენ ვებ-გვერდზე stopcov.ge.