საქართველო და აივ-ინფექცია: ბოლო მონაცემები

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) წარმოადგენს რეტროვირუსს, რომელიც აინფიცირებს იმუნური სისტემის უჯრედებს და ანადგურებს ან ასუსტებს მათ ფუნქციას.
Sputnik

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის მონაცემებით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ქვეყანაში აივ-ინფიცირების 372 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ცენტრის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 449 იყო.

„2020 წლის 2 სექტემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 8474 აივ-ინფიცირებული პირი. მათ შორის, 6 326 მამაკაცია და 2 148 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4 340 პაციენტს განუვითარდა და 1 734 გარდაიცვალა", - აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.

საქართველოში წელს შიდსით 55 ადამიანი გარდაიცვალა

2 სექტემბრის მონაცემებით, აივ-მკურნალობას 5 220 პაციენტი გადის, მათ შორის, 590 აფხაზეთიდან. რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 49,0 % (4150) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 36,6 % (3107) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 12 % (1020) - მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1,3 % (109) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით (დედიდან შვილზე); 0,5 % (41) - სისხლის რეციპიენტია.

შემთხვევების 0,6 % -ში (47) გადაცემის გზა დაუდგენელია.

„2020 წელს 99 აივ-ინფიცირებული გარდაიცვალა. მათ შორის, 79 მამაკაცი და 20 ქალი. სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ-ინფიცირებული ბავშვი. მათგან 70 - ბიჭია, 46 - გოგონა, 27 გარდაიცვალა, სამმა ქვეყანა დატოვა. განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით შემდეგია : ვერტიკალური (დედიდან) - 108 შემთხვევა (მათგან 1 - ძუძუთი კვებით), სისხლის რეციპიენტი - 4, დაუდგენელი - 2", - ნათქვამია განცხადებაში.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ქალი, რომელმაც აივ-ინფექცია მკურნალობის გარეშე დაამარცხა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის მონაცემებით, შემთხვევების უმეტესობა რეგისტრირებულია თბილისში - 3148 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა. სამეგრელოში 1165 შემთხვევა დაფიქსირდა, იმერეთში 1017, აჭარაში 970, აფხაზეთში 528, კახეთში 419, ქვემო ქართლში 485, შიდა ქართლში 314, გურიაში 180 და სამცხე-ჯავახეთში კი ინფიცირების 113 შემთხვევაა გამოვლენილი.

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) წარმოადგენს რეტროვირუსს, რომელიც აინფიცირებს იმუნური სისტემის უჯრედებს და ანადგურებს ან ასუსტებს მათ ფუნქციას. ადრეულ სტადიებზე ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა მის განვითარებასთან ერთად იმუნური სისტემა სუსტდება და ადამიანი ოპორტუნისტული ინფექციებისადმი უფრო მოწყვლადი ხდება.

შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) აივ-ინფექციის ბოლო სტადიაა. შეიძლება გავიდეს 10-15 წელი, სანამ აივ-ინფიცირებულ ადამიანს შიდსი განუვითარდება, ამ პროცესის კიდევ უფრო შენელება ანტირეტროვირუსულ პრეპარატებს შეუძლია.

აივ-ინფექცია გადაეცემა დაუცველი სქესობრივი აქტის დროს (ანალური ან ვაგინალური), დაინფიცირებული სისხლის გადასხმისას, დაინფიცირებული ნემსების გამოყენების დროს, ასევე დედიდან შვილზე ორსულობის, მშობიარობის ან ლაქტაციის დროს.