გახარია: ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა -38 შემთხვევა. აქედან 26 ბათუმში გამოვლინდა. ბოლოს მსგავსი მაღალი მაჩვენებელი 17 აპრილს დაფიქსირდა -34 შემთხვევა.
Sputnik

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. მიუხედავად ეპიდვითარების მკვეთრი გაუარესებისა, ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე.

მისი თქმით, ბათუმში მოქალაქეების დიდი რაოდენობაა კონცენტრირებული, რომლებიც იქ დასასვენებლად იმყოფებიან. ამიტომაც აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს მასობრივ ტესტირებას, რისთვისაც ქალაქში სპეციალური კარვები უკვე ფუნქციონირებს.

პრემიერი: ბათუმში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება სხვა ქალაქებს არ უნდა გადაეცეს

„ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ბათუმის გართულებული ეპიდვითარება არ გადაეცეს სხვა ქალაქებს, სადაც დამსვენებლების დაბრუნება დაიწყება", - აღნიშნა გახარიამ.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა -38 შემთხვევა. აქედან 26 ბათუმში გამოვლინდა. ბოლოს მსგავსი მაღალი მაჩვენებელი 17 აპრილს დაფიქსირდა -34 შემთხვევა.

ბათუმში გამოვლენილი შემთხვევებიდან 22 საკონდიტრო საწარმო „დონას" უკავშირდება. კორონავირუსის ინფექცია საკონდიტრო ერთ-ერთ კონსულტანტს გუშინ დაუდგინდა. ამ დროისთვის მაღაზია „დონა" დროებით დაკეტილია, თანამშრომლები კი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ამ დროისთვის საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1548-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 1270, გარდაიცვალა – 19, კარანტინში იმყოფება 6185 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 215 პაციენტია.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.