ბათუმიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს თვითიზოლაციისკენ მოუწოდებენ

ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან სოციალური დისტანცია და ატარონ პირბადე. ასევე, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე 112-ში
Sputnik

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მოუწოდა იმ მოქალაქეებს, ვინც ბათუმიდან საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე ბრუნდება, მიმართონ თვითიზოლაციას.

ჩაქვის სასტუმროში მყოფი 400 ქართველი ექიმი შესაძლოა კარანტინში აღმოჩნდეს

მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან სოციალური დისტანცია და ატარონ პირბადე. ასევე, სიმპტომის გაჩენის შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე 112-ში.

„ვინც ბრუნდება თავიანთ საცხოვრებელ ადგილებზე, იქნება ეს თბილისი თუ სხვა ადგილი, მიმართონ თვითიზოლაციას და ნებისმიერი სიმპტომის გაჩენის შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე 112-ში, სადაც ისინი გადამისამართდებიან იმ ოჯახის ექიმებთან და იმ ამბულატორიებში, რომლებიც მართავენ „კოვიდ“ სიტუაციას საქართველოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ არ გავხდეთ იძულებულები გავატაროთ უფრო მკაცრი ზომები“, – განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში რეკორდული რაოდენობით - 38-ით გაიზარდა და 1548-ს მიაღწია. ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა 1270 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6059, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 239 პაციენტია.