თუ თქვენ გაქვთ წითელი ხალები, ნუ ანერვიულდებით და ნუ გამოიტანთ ნაადრევ დასკვნებს – ეს არც ისე საშიშია, როგორც ერთი შეხედვით გვგონია.
წითელი ხალები მცირე ზომის სისხლის კოლტისგან წარმოიქმნება. ყველაზე ხშირად გვხვდება სახის მიდამოებში. არ არის საფრთხის შემცველი და ახასიათებს კეთილსაიმედო მიმდინარეობა.
რა მიზეზით ჩნდება წითელი ხალი
მისი განვითარება ხდება წვრილი კაპილარული სისხლძარღვიდან. შესაძლოა განვითარდეს კანქვეშა კაპილარული ქსელის დაზიანების ფონზე, ან განვითარდეს დამოუკიდებლადაც. ადამიანებს ის ძირითადად 30 წელს ზემოთ უჩნდებათ. ამ ტიპის წარმონაქმნი ასევე განპირობებულია არაჯანსაღი კვებისა და ცხოვრების რეჟიმისგან. იგი მიანიშნებს ღვიძლის პრობლემებსა და ჰორმონალურ დარღვევებზე.
რა შემთხვევაში შეიძლება იყოს წითელი ხალი საყურადღებო
როგორც აღვნიშნეთ, წითელი ხალი არ წარმოადგენს საფრთხეს. უმეტესად, შემთხვევათა 99%-ში მას კეთილსაიმედო მიმდინარეობა აქვს. თუმცა, თუ ხალი შეიცვლის ფორმას, ზომასა და ფერს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. თუ იგი დროთა განმავლობაში იცვლის ფორმას, ზომას, კონსისტენციას, შეფერილობას – ასეთი ტიპის ჰემანგიომა კონტროლზეა ასაყვანი და საყურადღებოა.
როგორ ხდება დიაგნოსტირება
უნდა მიმართოთ ონკოლოგს, რომელიც ხალს დაათვალიერებს დერმატოსკოპიით და შეაფასებს, ნამდვილად უსაფრთხოა თუ არა იგი. მნიშვნელოვანია მისი გაკონტროლება წლების განმავლობაში. აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვეულებრივი ხალი ბევრად უფრო საყურადღებოა, ვიდრე წითელი ხალი.
როგორ მოვიქცეთ, თუ სხეულზე წითელი ხალები შევნიშნეთ
არ იქნება ურიგო, თუ კვების სწორ რაციონს დაიცავთ და ჯანსაღი ცხოვრების წესს მიმართავთ, რადგან მედიკამენტებზე მეტად ეს უკანასკნელი დაგეხმარებათ. მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი და ნატურალური წვენები. მიირთვით ხილი და ბოსტნეული, მოერიდეთ დიდი რაოდენობის ცხიმებსა და ქოლესტერინს.
ასე უკეთ შეუნარჩუნებთ ორგანიზმს ახალგაზრდულ იერს, კანიც უფრო მკვრივი და გლუვი იქნება.