საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია დღეს გაიხსნება

31 ოქტომბრამდე კანონმდებლებს დაძაბული მუშაობა მოუწევთ – 1 ოქტომბერს მთავრობამ პარლამენტს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი უნდა წარმოუდგინოს, რომელიც, წესით, საკანონმდებლო ორგანომ დეკემბრის მესამე პარასკევამდე უნდა დაამტკიცოს.
Sputnik

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი სხდომის დღის წესრიგი ბიუროს სხდომაზე დამტკიცდება, რომელიც პლენარული სესიის სხდომამდე გაიმართება.

იმის გათვალისწინებით, რომ 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი, მეცხრე მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესია მოკლევადიანი იქნება. პლენარული სხდომების გამართვა მხოლოდ სექტემბრის პირველი ორი კვირის განმავლობაში იგეგმება.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გამართვის თარიღი გამოცხადდა

საპარლამენტო კომიტეტები კი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ, რამდენადაც 1 ოქტომბერს მთავრობამ პარლამენტს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი უნდა წარმოუდგინოს, რომელიც, წესით, საკანონმდებლო ორგანომ დეკემბრის მესამე პარასკევამდე უნდა დაამტკიცოს.

ამჯერად საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით გაიმართება. პარლამენტის 150 დეპუტატს შერეული სისტემით აირჩევენ: 120-ს პარტიული სიით, 30-ს კი ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში გამართული კენჭისყრის შედეგებით. დღეისთვის ცესკოში რეგისტრაცია უკვე გაიარა 59-მა არასაპარლამენტო პარტიამ.