ბათუმში მაღაზია „დონას" კონსულტანტს კორონავირუსი დაუდგინდა

მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე საკონდიტრო მაღაზიაში იმყოფებოდნენ, შეუძლიათ უფასო ტესტი ჩაიტარონ.
Sputnik

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში კორონავირუსის ინფექცია საკონდიტრო საწარმო „დონას" კონსულტანტს დაუდგინდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ექვსი აჭარაში დაფიქსირდა.

ახალი შემთხვევებიდან ორი „იმპორტირებულია", სამი ტრაილერის მძღოლი, კიდევ ერთი კი საკონდიტრო მაღაზიის კონსულტანტია, რომლის ინფიცირების წყაროც უცნობია.

ამ დროისთვის მაღაზია „დონა" დროებით დაკეტილია, დაახლოებით 70 თანამშრომელი კი თვითიზოლაციაში იმყოფება.

მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე საკონდიტრო მაღაზიაში იმყოფებოდნენ, შეუძლიათ უფასო ტესტი ჩაიტარონ.

ბათუმის ბულვარში დგას ორი კარავი, სადაც კორონავირუსზე ტესტირება უფასოდ ტარდება. ტესტირების ჩატარება 16:00 საათიდან არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1510 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 1253, გარდაიცვალა – 19, კარანტინში იმყოფება 5828 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 232 პაციენტია.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.