ჯანდაცვის უწყება: საქართველოში სასწავლო პროცესი დაგეგმილ ვადაში დაიწყება

ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების უწყებასთან ერთად სკოლებისთვის რეკომენდაციები მოამზადა და ამ ეტაპზე მისი აღსრულების მონიტორინგი მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. ქვეყანაში დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იძლევა იმის გარანტიას, რომ სწავლა დაგეგმილ დროს დაიწყოს, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

საქართველოს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი დაიწყება სკოლებში, ორი კვირის შემდეგ კი, 1 ოქტომბრიდან – საბავშვო ბაღებში. სასწავლო პროცესი სპეციალური რეკომენდაციების გათვალისწინებით წარიმართება.

მოსწავლეები სკოლებში პირბადეს არ გამოიყენებენ

გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად სკოლებისთვის რეკომენდაციები მოამზადა და ამ ეტაპზე მისი აღსრულების მონიტორინგი მიმდინარეობს.

„ჩვენი ინსპექტორატი შემოწმებას ახორციელებს. შემოწმდა რამდენიმე სკოლა, მათი მზადყოფნა, გაიცა რეკომენდაციები. რა თქმა უნდა, ამ მხრივ გაგრძელდება მონიტორინგი, რათა დავრწმუნდეთ, თუ რამდენად მზად არიან სკოლები უსაფრთხო სასწავლო პროცესის დასაწყებად. ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე საფუძველი, რომ მოგვიხდეს სწავლის დაწყების გადავადება", – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მას შემდეგ, რაც 26 თებერვალს ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ხელისუფლებამ სკოლებში სასწავლო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

საგანმანათლებლო დაწესებულებები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. მოსწავლეები ონლაინ სწავლობდნენ, მათთვის შეიქმნა პროექტი „ტელესკოლა".

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სასწავლო დაწესებულებაში სწავლა 2 მარტს შეწყდა. სწავლის განახლების თარიღი სამჯერ გადაიტანეს. საბოლოოდ კი 24 აპრილს ქვეყნის პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სასწავლო დაწესებულებები სწავლას სექტემბრამდე არ განაახლებდნენ.