ქართული ეკონომიკა კვლავ მინუსებშია – სტატისტიკის ახალი მონაცემები

შვიდი თვის მანძილზე საქართველოს ეკონომიკის ვარდნამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,8% შეადგინა.
Sputnik

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის ვარდნის ტემპები, რაც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია, კლებას განაგრძობს, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მასალებში.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში კორონავირუსის გამო გაუქმდა

ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 5,5%-ით შემცირდა. შედარებისთვის: ივნისის ვარდნის მაჩვენებელმა შეადგინა 7,7%, მაისის – 13,5%, ხოლო აპრილის – 16,6%.

ამასთან, ივლისში კლების ტენდენცია დაფიქსირდა ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სფეროში, თუმცა, შედარებით ნელი ტემპებით. ზრდა კი დაფიქსირდა სამთომოპოვებითი და გადამამუშავებელი მრეწველობის დარგებში.

შვიდი თვის მანძილზე ეკონომიკის ვარდნამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,8% შეადგინა.

გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 5,2%-ით გაიზარდა, რაც პროგნოზზე მაღალი იყო, რომელიც 4,5%-ს შეადგენდა.

ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზეა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას აზრით, გამოქვეყნებული ივლისის ეკონომიკური მაჩვენებლები კიდევ ერთხელ ადასტურებს განწყობას, რომ საქართველოს ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზეა.

ნათია თურნავა: მომავალ წელს ჩვენი ეკონომიკა სწრაფად განვითარდება

„ჩვენი ეკონომიკა პრაქტიკულად გაჯანსაღდა და სამჯერ გაუმჯობესდა, რაც ჩვენ იმედს გვაძლევს, რომ მომავალ წელს, როგორც ჩავიფიქრეთ, ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკა გვექნება“, – განაცხადა თურნავამ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, დადებით მაჩვენებლებს, პირველ რიგში, გვაძლევს მოპოვებითი ინდუსტრია, რომელიც პანდემიის დროს ყველაზე რულ პერიოდშიც არ გაჩერებულა. გარდა ამისა, ივლისში პოზიტიური ტენდენცია ფიქსირდება გადამამუშავებელ მრეწველობაშიც.

„ასევე აღსანიშნავია, რომ წლის პირველ ნახევარში, (სატრანსპორტო) დერეფანში გადაზიდული ტვირთების მიხედვით, დადებითი შედეგი გვაქვს. მართალია 2,7%, მაგრამ ეს არის ძალიან ღირებული ტენდენცია იმის გათვალისწინებით, თუ რა პრობლემები შეიქმნა მსოფლიო ლოჯისტიკაში“, – განაცხადა თურნავამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლების მიერ გატარებული ანტიკრიზისული ზომები საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს მომავალ წელს ძალიან კარგ, მყარ ეკონომიკურ ზრდას.

წლის შედეგებით რამდენით შემცირდება ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკა პანდემიისა და გლობალური კრიზისის ფონზე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული ოფიციალური პროგნოზის თანახმად, 2020 წელს ქვეყნის ეკონომიკის ვარდნა 5%-ს მიაღწევს.

„იმუშავე დისტანციურად საქართველოდან“: მთავრობის ახალ პროექტს საერთაშორისო მედია აფასებს

მიმდინარე წელს უარყოფით ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც, თუმცა, ამავე დროს იმედს გამოთქვამენ, რომ 2021 წელს საქართველო ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზით, საქართველოში 2020 წელს მშპ 5,5%-ით შემცირდება, თუმცა უკვე 2021 წელს ეკონომიკა 5,5%-ით გაიზრდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდში (სსფ) ვარაუდობენ, რომ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის ვარდნა –4%-მდე იქნება, ხოლო ინფლაცია 4,6%-ს შეადგენს. თუმცა, სსფ-ის პროგნოზები 2021 წელთან დაკავშირებით საკმაოდ ოპტიმისტურია. ფონდის შეფასებით, უკვე 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 3%-ით, ხოლო ინფლაცია 3,7%-მდე შემცირდება.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 6%-ით შემცირდება. ამასთან, მშპ 2019 წლის დონეს მხოლოდ 2022 წელს მიაღწევს.

თუმცა, სხვა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის შემცირებას 4,8%-ით ვარაუდობს, ხოლო 2021 წელს ქვეყნის მშპ-ის ზრდას 4,5%-იან დონეზე ელოდება.