ბათუმში კერძო ბაღები მუშაობის განახლების უფლებას მოითხოვენ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, სკოლებისა და ბაღების ერთდროულად გახსნა გარკვეულწილად რისკის შემცველია.
Sputnik

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში კერძო საბავშვო ბაღების წარმომადგენლებმა საქმიანობის განახლების მოთხოვნით ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ 1 სექტემბრიდან მუშაობის დასაწყებად სრულ მზადყოფნაში არიან და გათვალისწინებული აქვთ ჯანდაცვის უწყებიდან მიღებული ყველა რეკომენდაცია.

მათთვის გაუგებარია, თუ რატომ არ ეძლევათ მუშაობის განახლების უფლება იმ დროს, როცა თითო ჯგუფში მაქსიმუმ 15-16 ბავშვია, სახელმწიფო ბაღებში კი 40-45 ბავშვი.

როდის გაიხსნება კერძო ბაგა-ბაღები საქართველოში

„იმის ნაცვლად, რომ დღეს მუშაობა დაგვეწყო, ჩვენ იძულებული ვართ ვიდგეთ აქციაზე. მოვითხოვთ არ გაგვათანაბრონ საჯარო ბაღებთან და არ დაარღვიონ ჩვენი შრომითი უფლებები", – განაცხადა ერთ-ერთი კერძო ბაღის დირექტორმა ირინა ბოჭორიშვილმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 1 ოქტომბერს დაიწყება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ორი კვირა ის პერიოდია, რომელიც გამოავლენს, თუ რამე გაუარესება გამოიწვია კონკრეტული შეზღუდვის გაუქმებამ.

„ვფიქრობ, რაღაც დროით მოუწევთ მოცდა საბავშვო ბაგა-ბაღებს, რათა უფრო უსაფრთხოდ გაიხსნას, ვიდრე ახლა გავხსნათ და შემდეგ ისევ დასაკეტი გაგვიხდეს. ორკვირიანი ინტერვალი არის ეპიდემიოლოგიურად მნიშვნელოვანი კრიტიკული პერიოდი შეზღუდვების მოხსნებს შორის, რადგან ორი კვირა არის ის პერიოდი, რომელიც ავლენს, თუ რამე გაუარესება გამოიწვია კონკრეტული შეზღუდვის მოხსნამ“, – თქვა მინისტრის მოადგილემ.

როგორც მან აღნიშნა, სკოლებისა და ბაღების ერთდროულად გახსნა გარკვეულწილად სარისკო იქნებოდა.

„საქართველოს კერძო საბავშვო ბაგა-ბაღების ასოციაცია" კი სასწავლო პროცესის 1 ოქტომბერს განახლების წინააღმდეგია და მოითხოვს პროცესი 3 სექტემბრიდან განახლდეს.