სსფ-ს პროგნოზით, რუსეთი მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკების ხუთეულში მოხვდება

რუსეთში ახლა მიზნად ისახავენ საშუალო საერთაშორისო მაჩვენებლებზე მაღალ მდგრად ეკონომიკურ ზრდას, რათა ჯგუფში ადგილი შეინარჩუნონ
Sputnik

თბილისი, 31 აგვისტო - Sputnik. 2020 წელს რუსეთი მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკების მქონე ქვეყნების ხუთეულში მოხვდება, მაგრამ იქ ადგილის შენარჩუნება რთული იქნება, განაცხადა ახალგაზრდულ ფორუმზე „აზრის ტერიტორია“ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე მაქსიმ ორეშკინმა.

„თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო, მიმდინარე წლის პროგნოზს გახსნით, დაინახავთ, რომ რუსეთი წელს მსოფლიოს მეხუთე ეკონომიკა იქნება. ამ თვალსაზრისით, რასაკვირველია, მიზანი მიღწეულია“, - მოჰყავს მისი სიტყვები РИА Новости-ს.

ასეთი მიზანი ფიგურირებს რუსეთის პრეზიდენტის მაისის განკარგულებაში. მისი მიღწევა ორი წლით ადრე მოხერხდა.

ბელარუსი, ვაქცინა და ეკონომიკა: პუტინის ინტერვიუს თემები

ორეშკინის აღიარებით, ეს დიდწილად განაპირობა სხვა ქვეყნებში უპრეცედენტო ვარდნამ. მისი თქმით, გლობალური ეკონომიკის დღევანდელი კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უმსხვილესია.

მომდევნო ნაბიჯია საშუალო საერთაშორისო მაჩვენებლებზე მაღალი მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიზნის მიღწევა, რათა ქვეყანამ ამ ჯგუფში ადგილის შენარჩუნება შეძლოს.

როგორც ამასწინათ მასმედიაში აღინიშნა, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ რუსეთის ეკონომიკის აღდგენის პროგნოზი გააუმჯობესა. უწყების ანალიტიკოსები 2020 წელს მშპ-ს 3,9%-ით შემცირებას ვარაუდობენ. მაკროპროგნოზის წინა ვერსიაში ხუთპროცენტიანი ვარდნა იყო პროგნოზირებული. 

ითქვა, რომ უწყების სპეციალისტებმა ახალ პროგნოზში გაითვალისწინეს ივლისში ეკონომიკის უფრო სწრაფი აღდგენა.

პირველ ექვს თვეში, „როსსტატის“ წინასწარი შეფასებით, მშპ 3,6%-ით შემცირდა.