საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

ბრიტანელმა დიპლომატმა გამოხატა მზადყოფნა, ახალ პოსტზე მუშაობისას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართულ-ბრიტანული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.
Sputnik

თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახლადდანიშნულ ელჩთან მარკ კლეიტონთან, რომელმაც მას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

ზალკალიანმა ბრიტანელ დიპლომატს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ესტონეთის ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მნიშვნელობას, რომელიც მოიცავს პოლიტიკურ, თავდაცვით და უსაფრთხოების ასპექტებს, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური და საერთაშორისო ურთიერთობების ფართო სპექტრს.

მინისტრმა აღნიშნა დიდი ბრიტანეთის განსაკუთრებული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ COVID-19-ის პანდემიის პერიოდში. ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური ურთიერთობები და ხალხთა შორის კავშირები უფრო მეტად გააქტიურდა.

ბრიტანელმა დიპლომატმა თავის მხრივ გამოხატა მზადყოფნა, ახალ პოსტზე მუშაობისას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართულ-ბრიტანული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. ახლადდანიშნული ელჩი მიესალმება იმ ეფექტურ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ კორონავირუსთან ბრძოლაში გადაიდგა.

დიდი ბრიტანეთის ელჩმა ჯასტინ მაკენზი სმიტმა თავისი დიპლომატიური მისია მიმდინარე წლის ივლისში დაასრულა. მაკენზიმ დიდი ბრიტანეთის ელჩის თანამდებობა საქართველოში 2016 წლის აგვისტოში დაიკავა.

საქართველომ და დიდმა ბრიტანეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 27 აპრილს დაამყარეს. მხარეები რეგულარულად მართავენ პოლიტიკურ კონსულტაციებს, ასევე თანამშრომლობენ თავდაცვის, ვაჭრობის, განათლებისა და კულტურის სფეროებში.