რთველი 2020: საქართველოში ყურძნის მოსავალს იღებენ

COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს „რქაწითელისა" და „კახური მწვანეს" ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება.
Sputnik

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. 31 აგვისტოს მონაცემებით, მევენახეებმა 1,2 ათას ტონამდე ყურძენი ჩააბარეს, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.

სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე მევენახეები საადრეო, სხვადასხვა ჯიშის ყურძენს აბარებენ.

დღევანდელი მონაცემებით, „რთველი 2020"-ის საკოორდინაციო შტაბში, რომელიც თელავში ფუნქციონირებს, 100-ზე მეტი კომპანია დარეგისტრირდა, რომლებიც მოსავლის დაბინავების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.

მთავრობა 2020 წლის რთველის სუბსიდირებას ახორციელებს

COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს „რქაწითელისა" და „კახური მწვანეს" ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება.

სუბსიდიას მიიღებენ ღვინის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ არანაკლებ 1000 ტონა „რქაწითელის" ან „კახური მწვანეს" ჯიშის ყურძენს. ამასთან, ღვინის ქარხნებისთვის დადგენილია ფიქსირებული ფასი – 1 კგ ყურძენში არანაკლებ 80 თეთრი. სახელმწიფო სუბსიდია თითოეულ კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენს.