პაციენტი კლინიკის წინააღმდეგ: მედპერსონალს 77 წლის ქალის მიმართ უხეშ მოპყრობას ედავებიან

ამ დროისათვის კლინიკაში საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება, ხდება მედპერსონალის გამოკითხვა. ასაკოვან ქალზე ძალადობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს კლინიკის ადმინისტრაცია.
Sputnik

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. თბილისის კლინიკა „სითი მედიქალის" პერსონალს 77 წლის ქალზე ფიზიკურ ძალადობაში პაციენტის ოჯახის წევრები ადანაშაულებენ, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა".

„ლიფი შეუხსნა...“- კარანტინში ქალი ექიმმა სექსუალურად შეავიწროვა? - სამინისტროს განცხადება

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ასაკოვან ქალს, რომელიც კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, სხეულზე ჩალურჯებები აღენიშნება.

„მისი ტელეფონი გატეხილია. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ იგი ჩვენთან დაკავშირებას ცდილობდა. ტელეფონი მთელი ღამე გამორთული იყო და მას მხოლოდ დღისით დაუბრუნეს", – განაცხადა პაციენტის ოჯახის წევრმა რუსუდან ხარაბაძემ.

ასაკოვან ქალზე ძალადობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს კლინიკის დირექტორი ნიკა მენთეშაშვილი.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მსგავსი რამ არ შეიძლება მომხდარიყო. სათვალთვალო კამერებიდან ვიდეოჩანაწერები ამოღებულია და მათ შეისწავლიან. ჩანაწერები მე ვნახე და მსგავსი არაფერი ყოფილა. პოლიცია პაციენტს გაესაუბრა", – განაცხადა მენთეშაშვილმა.

რეანიმაციის განყოფილების ხელძღვანელის კობა ბალიაშვილის სიტყვებით, პაციენტის დიაგნოზია ჰიპოქსიური ენცეფალოპათია. ეს არის დაავადება, რა დროსაც დისტროფიკულად იცვლება ტვინის ქსოვილი, რაც მისი ფუნქციის დარღვევას იწვევს. შესაბამისად, მას შეუძლია ისეთ თემებზე საუბარი, რაც სინამდვილეში არ ყოფილა. სხეულზე სილურჯეები კი ვენის კათეტერიზაციის გამო შეიძლება იყოს.

სამართალდამცველმა ორგანოებმა გამოძიება დაიწყეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობასა და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კლინიკაში საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება, ხდება მედპერსონალის გამოკითხვა.