თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. მოქალაქეებმა წლების წინ გარდაცვლილი ოჯახის წევრების სახელზე გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან წერილები მიიღეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
მოქალაქეებმა ტელეკომპანიას 19 აგვისტოთი დათარიღებული ორი წერილი მიაწოდეს. როგორც ტელეკომპანია იუწყება, ჰოსპიტლის დირექტორი 5-8 წლის წინ გარდაცვლილებს დავალიანების დასაფარად კლინიკაში ორი კვირის განმავლობაში გამოცხადებას სთხოვს.
ჰოსპიტალში კი განმარტავენ, რომ წერილები დავალიანების მქონე პაციენტებს დაეგზავნათ.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მოქალაქეებს სამხედრო ჰოსპიტალის მიმართ დავალიანება ჩამოეწერებათ. საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც სამედიცინო დაწესებულების დავალიანება 2009 წლიდან ერიცხებათ.
„თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, მოქალაქეებს, რომლებსაც სამხედრო ჰოსპიტალის მიმართ ხანდაზმული დავალიანება (სამი და მეტი წელი) გააჩნიათ 1,6 მილიონი ლარი ჩამოეწერებათ. ასეთი მოქალაქეების რაოდენობა 1000-მდე ადამიანს შეადგენს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ სამხედრო ჰოსპიტალი უფასო სამედიცინო მომსახურებას უწევს სამხედრო მოსამსახურეებს, ხოლო დანარჩენ მოქალაქეებს ჰოსპიტალი დაფუძნების დღიდან ფასიან სამედიცინო სერვისს სთავაზობს.