უბედური შემთხვევა ხაშურში: ჭაში ორი ძმა დაიღუპა

ჭის მეპატრონე, რომელმაც მუშები დაიქირავა, აცხადებს, რომ ჭაში ჯერ ერთი ძმა ჩავიდა, შეუძლოდ გახდა და დახმარება ითხოვა, საშველად კი მეორე ძმა ჩავიდა
Sputnik

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში ჭის გაწმენდისას ორი ძმა გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

ბავშვებს თამაშისას 8 წლის გოგონა შემოაკვდათ: უბედური შემთხვევა თუ მომზადებული დანაშაული?

ჭა, რომელშიც უბედური შემთხვევა მოხდა, ამჟამად დალუქულია. 28 და 33 წლის გარდაცვლილი ძმები გორის პროზექტურაში გადაასვენეს. ადგილობრივების თქმით, ექვსი მეტრის სიღრმის ჭაში წყალი ერთ მეტრამდე იყო, ეს ჭა ამავე ძმების მიერ იყო დაბურღული. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილი ძმები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის მცხოვრებლები არიან.

ისინი კერძო ხელოსნებად მუშაობდნენ.

ჭის მეპატრონე, რომელმაც ისინი ჭის ამოსასუფთავებლად დაიქირავა, აცხადებს, რომ ჭაში ჯერ ერთი ძმა ჩავიდა, შემდეგ შეუძლოდ გახდა და დახმარება ითხოვა, ამ დროს საშველად მეორე ძმა ჩავიდა და ისიც შეუძლოდ გახდა. ადგილზე მისულ სასწრაფო და სამაშველო სამსახურების წარმომადგენლებს ძმები უკვე გარდაცვლილები დახვდათ.

გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად უჰაერობა სახელდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.