ქართული ფოლკლორი პარიზის მეტროში: რას შეიტყობენ საქართველოს შესახებ ფრანგები

ახალგაზრდა ქუთაისელი ილუსტრატორების ფერწერული ნახატების წყალობით ქართულ ფოლკლორს პარიზელებიც გაეცნობიან
Sputnik

თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. ახალგაზრდა ქუთაისელი მხატვრების ნამუშევრებს გაეცნობიან პარიზის მეტროპოლიტენის მგზავრები - ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ილუსტრატორების ნახატები საფრანგეთის დედაქალაქის მეტროში გამოიფინა.

ილუსტრაციები შექმნილია ქართული ზღაპრების კრებულისთვის „გვრიტისთვის“. წიგნი დაიბეჭდა პარიზში, გამომცემლობა „მედუზაში“ (Medusa). სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გამოცემა იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა წიგნის საერთაშორისო ბაზრობებსა და ფესტივალებზე.

„ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიამოვნო გამოცდილება იყო ამ პროექტზე მუშაობა. გვიხარია, რომ ფრანგი მკითხველი ქართულ ხალხურ ზღაპრებს გაეცნობა და თან ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეთა მიერ მხატვრულად გააზრებულ პერსონაჟებს აღმოაჩენს“, - განაცხადა ცენტრის დირექტორმა ნატალია პატარიძემ.

ქართველი მხატვარი აშშ-ში სამხატვრო აკადემიის მაგისტრი გახდა

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ახალგაზრდული ცენტრის აღსაზრდელების ნამუშევრები საფრანგეთში პირველად არ გამოიფინება. 2019 წელს პარიზში მოეწყო გამოფენა, რომელიც ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებს მიეძღვნა. სწორედ მაშინ შეხვდნენ მხატვრები გამომცემლობის წარმომადგენლებს, სადაც მსგავსი შეთავაზება მიიღეს.

საფრანგეთის მეტროს კომერციული დირექტორი დამიან დიურანი ასე ეხმაურება ამ მოვლენას სოციალურ ქსელში:

„მეგობრებო, პარიზის მეტროში თუ აღმოჩნდებით მომდევნო დღეებში, ოცნებებიც შეგხვდებათ. ბოლო რამდენიმე დღეა გამოცემა „მედუზამ“ შთამბეჭდავი ფორმატი შემოგვთავაზა საქართველოში გასეირნების, ეს ნამდვილი მოსაწვევია მოგზაურობაზე. მაია გიორხელიძის წიგნები გთავაზობთ გასაოცარ პერსონაჟებს, რომლებსაც დიდი მორალური ღირებულება აქვთ. იპოვეთ ეს პოსტერები დერეფანში და შეხვდით ბრძენ მელას, გაიცანით მტრედი ჩიპი და მისი ერთგული მეგობარი ჭიანჭველა, ასევე სხვა პერსონაჟები, რომლებსაც ბევრი რამ აქვთ თქვენთვის სათქმელი“, - წერს დიურანი.