„მოძრაობის თეატრი“ 17-სართულიანი სახლის სახურავზე პრემიერას გამართავს

„ლიზას ტორტი“ პირველი სპექტაკლია, რომელსაც მოძრაობის თეატრი პოსტპანდემიურ პერიოდში, 6-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშებს
Sputnik

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. „მოძრაობის თეატრი“ 31 აგვისტოს, 1 და 2 სექტემბერს, 17 სართულიანი სახლის სახურავზე სპექტაკლის პრემიერას გამართავს, იუწყება ბილეთების ონლაინ გაყიდვების საიტი TKT.GE.

პოსტპანდემიურ პერიოდში, საპრემიერო სპექტაკლი „ლიზას ტორტი“ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დაიდგა. იოსებ ბაკურაძის „ლიზას ტორტს“ მაყურებელი კალისტრატე ქუთათელაძის #17-ში მდებარე 17 სართულიანი სახლის სახურავზე იხილავს.

საქართველოში დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალი CinéDOC-Tbilisi იწყება

პრემიერა 20:00 საათზე დაიწყება და სპექტაკლის მთავარ დეკორაციად მზის ჩასვლის ულამაზესი პეიზაჟი იქცევა, სახურავიდან დანახული თბილისის ულამაზესი ხედების ფონზე.

რეჟისორის, იოსებ ბაკურაძის განმატებით, ამ სპექტაკლით სურდა გამოხმაურებოდა იმ მტკივნეულ თემებს, რომელიც დღევანდელ საზოგადოებას ყველაზე მეტად აწუხებს - გულგრილობა, დანაშაულის დაფარვა და სხვა მსგავსი საკითხები.

მისივე თქმით, ეს არის სპექტაკლი ადამიანებზე, რომლებისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს არც სიმართლეს, არც მოსამართლეს და არც სასამართლოს, მთავარი ყოველთვის წესრიგია.

„პრემიერა მაღალსართულიანი შენობის სახურავზე გაიმართება, საიდანაც მთელი თბილისი მოსჩანს, განსაკუთრებით ნუცუბიძის პლატო, ამ ადგილიდან ისე ლამაზად ჩანს, თბილისს მანჰეტენიც კი შევარქვი. როდესაც ფრანკომ დიდი ესპანელი რეჟისორი ლუის ბუნუელი ესპანეთიდან გააძევა, ნიუ-იორკში თავის ცხოვრების უკანასკნელ წლებში თქვა, ოცნება მაქვს პორნოგრაფია გადავიღო ნიუ-იორკის რომელიმე ცათამბჯენზეო. ცათამბჯენი და პორნოგრაფია არა, მაგრამ რეგულაციების გამო, სანამ ღია სივრცეში უნდა დავდგა სპექტაკლი, სჯობს ქალაქის თავზე დაიდგას“, - განაცხადა იოსებ ბაკურაძემ.

სპექტაკლში როლებს ასრულებენ ნიკოლოზ გოგიძე, ლაშა რობაქიძე, ბექა გარსენიშვილი, მარიამ ბალახაძე, თათა თავდიშვილი, ანი მასხარაშვილი, ნინიკო ავალიანი, თანო ჩხეიძე, ირაკლი სარალიძე.

„ლიზას ტორტი“ პირველი სპექტაკლია, რომელსაც მოძრაობის თეატრი პოსტპანდემიურ პერიოდში, 6-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშებს.